„ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს“ - ლუის ენრიკე ფინალის შემდეგ
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერთან“ მოგებული მატჩი (5:0) შეაჯამა.
ლუის ენრიკე:
„ძალიან კარგად მოვემზადეთ ამ მატჩისთვის, რათა „ინტერის“ წინააღმდეგ ასეთ მაღალ დონეზე გვეთამაშა. ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს, მაღალი ინტენსივობით მივმართავდით პრესინგს. უსმან დემბელე შეუჩერებლად აპრესინგებდა „ინტერის“ მცველებსა და მეკარეს.
ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, რაც მწვრთნელისთვის მარტივი არაა. ამ ახალგაზრდებმა ფინალში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, დემბელემ კი დაცვაში თამაშით თავისი ლიდერობა აჩვენა. ჩემი აზრით, ის „ოქროს ბურთს“ იმსახურებს - არა მხოლოდ მოგებული ტიტულებისთვის ან პირადი სტატისტიკისთვის, არამედ იმისთვის, როგორ მიმართავდა პრესინგს. ამას მთელი სეზონი აკეთებდა, თუმცა ფინალში განსაკუთრებული იყო.
მატჩი კარგად დავიწყეთ, პირველივე წუთებიდან მოედანზე ვდომინირებდით, თუმცა მინდოდა, რომ ფეხბურთელებს ტემპი არ დაეგდოთ. მინდა, მივულოცო ინტერს - ყველა ფეხბურთელსა და სამწვრთნელო შტაბს. მათ პატივისცემა გამოიჩინეს ჩვენ მიმართ - მარცხის ღირსეულად მიღება ყველას არ შეუძლია.
პირველივე დღეს ვთქვი, რომ მნიშვნელოვანი ტიტულების მოგება მინდა. პარიზს ჩემპიონთა ლიგა არასოდეს მოუგია - დღეს ეს პირველად შევძელით. ამდენი ადამიანის გაბედნიერება შესანიშნავი გრძნობაა.
ძალიან ბედნიერი ვარ. ვნახე გულშემატკივრების ბანერი, რომელზეც ჩემი გარდაცვლილი შვილი იყო გამოსახული. ეს ძალიან ემოციური იყო, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ჩემი შვილის გასახსენებლად რომელიმე მატჩის ან ტიტულის მოგება არ მჭირდება. ის ყოველთვის ჩემთან ერთადაა, მასზე გამუდმებით ვფიქრობთ.
მწვრთნელმა ფეხბურთელების ემოციები უნდა გააკონტროლოს - უნდა გაუმკლავდეს ზეწოლას, რათა ფეხბურთელებს დაეხმაროს. ფინალისთვის აუცილებელი სიმშვიდით მოვემზადეთ, რათა ემოციები სწორი მიმართულებით დაგვეხარჯა. ახლა უნდა ვიზეიმოთ და თასი პარიზში ჩავიტანოთ“.
ხვიჩა კვარაცხელიას ყველა მომენტი ინტერთან:
მიუნხენში, „ალიანს არენაზე“, ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის ფინალი გაიმართა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ „ინტერს“ დაუპირისპირდა. პარიზულმა გრანდმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ისტორიაში პირველად მოიგო, დომინანტური თამაში აჩვენა და „ნერაძური“ 5:0 გაანადგურა.