რამაზ შენგელიას ხსოვნის ტურნირი - გამარჯვებულები დინამოს ვარსკვლავებმა დააჯილდოვეს
თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემიაში რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, რამაზ შენგელიას ხსოვნის რიგით მეხუთე საერთაშორისო ტურნირი, სადაც 40-მდე გუნდი მონაწილეობდა. შეჯიბრება ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში, 2014-2017 წლამდე დაბადებულ მოზარდებს შორის ჩატარდა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის კლუბების გარდა, ყაზახეთისა და უზბეკეთის ასაკობრივმა გუნდებმაც იასპარეზეს.
2014 წლამდელებს შორის გამართული ტურნირის ფინალში რუსთავის „გორდამ“ „სელერო“ 2:0 დაამარცხა. ერთი წლის უფროსი ასაკის ფეხბურთელებს შორის კი, ფოთის „კოლხეთმა“ გაიმარჯვა, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში ტურნირის მასპინძელ სულაქველიძის აკადემიის გუნდს 2:0 მოუგო. აჭარული დაპირისპირება ვიხილეთ 2016 წელს დაბადებულ მოზარდებს შორის და „დინამო ბათუმი“ – „ჩელეს აკადემიის“ (1:1) მატჩში გამარჯვებული 11-მეტრიანების სერიამ გამოავლინა, სადაც უფრო ზუსტნი ქობულეთელები აღმოჩნდნენ. ყველაზე უმცროსი ასაკის (2017 წელს დაბადებულები) ფინალში კი სულაქველიძის აკადემიის გუნდს „სელერომ“ 3:1 სძლია. გამარჯვებულები თბილისის „დინამოს“ ლეგენდებმა, თენგიზ სულაქველიძემ, ალექსანდრე ჩივაძემ, ვლადიმერ გუცაევმა, ოთარ გაბელიამ, დავით მუჯირმა, ნუკრი კაკილაშვილმა, ვახტანგ ქორიძემ და გელა კეტაშვილმა დააჯილდოვეს.
რამაზ შენგელია სხვადასხვა პერიოდში ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდა. დედაქალაქურ კლუბთან ერთად ის 1981 წელს თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული გახდა.