„მორიგი დაუჯერებელი გოლი გაიტანა“ - კასანომ კვარა შეაქო
ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ დომინანტური ასპარეზობით მთელი საფეხბურთო სამყარო აღფრთოვანებულია და მათ რიგებს მიეკუთვნება ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო, რომელიც მაშინაც კი, როდესაც „ინტერი“ მაღალი დონის თამაშის დემონსტრირებას ახდენდა და ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ფინალის საგზური „ბაიერნისა“ და „ბარსელონას“ ძლევით მოიპოვა, სიმონე ინძაგის მაღალი კლასის სპეციალისტად არ მიიჩნევდა.
ბუნებრივია, ნერიაძურის განადგურების შემდეგ, კასანომ შანსი ხელიდან არ გაუშვა და სიმონეს ვიზავი ლუის ენრიკე ქებით ცამდე აიყვანა, თუმცა არც ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი თამაშის აღნიშვნა არ დავიწყებია და პსჟ-ის სრულყოფილი გუნდი უწოდა, რომელმაც ტიტული სრულიად დამსახურებულად მოიპოვა.
ანტონიო კასანო
ვფიქრობ ამ გუნდის წარმატების მთავარი სულისჩამდგმელი ლუის ენრიკეა - ის მწვრთნელების მესია და პარიზელებს კოსმოსურ ფეხბურთს ათამაშებს, რომლის დროსაც განაპირა მცველები შეტევაში ისე აქტიურად ერთვებიან, რომ ისინი ხშირ შემთხვევაში მეტოქე გუნდის საჯარიმოში ხვდებიან.
ვიტინია როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში საოცრებაა, უსმან დემბელე სრულყოფილ მოთამაშედ იქცა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი დაუჯერებელი გოლი გაიტანა, რითაც „ნაპოლიში“ თამაშის დროსაც ხშირად გვანებივრებდა. საერთო ჯამში პსჟ უტევს 6-7 ფეხბურთელით, რომელთა შორისაც არის 19 წლის დეზირე დუე და ის მოედანზე სასწაულ რაღაცეებს სჩადის.
შეგახსენებთ, რომ უახლოეს პერიოდში „პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში ჩაერთვება, ხოლო მომდევნო სეზონს ევროპის სუპერთასის მატჩით დაიწყებს, სადაც მისი მეტოქე ევროპა ლიგის ჩემპიონი „ტოტენჰემი“ იქნება.