ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე, ბრედლი ბარკოლა, დეზირე დუე
Aa
Aa

„მონსტრები არიან!“ - სუშიჩი პსჟ-ის შემტევებზე

პსჟ-ის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, საფეტ სუშიჩმა ფრანგულ Le Parisien-თან ინტერვიუს დროს ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა და ლუის ენრიკეს გუნდის თამაში შეაფასა.

70 წლის ბოსნია & ჰერცეგოვინელმა ვეტერანმა ემოციები ვერ დამალა და განაცხადა, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგის მოგებას ნამდვილად იმსახურებდა.

რას ამბობს სუშიჩი:

„ძალიან ბედნიერი ვარ! ეს ჩემთვისაც შესანიშნავი საღამოა. მინდა მივულოცო ფეხბურთელებს, განსაკუთრებით კი სამწვრთნელო შტაბის წევრებს. ლუის ენრიკემ დაამტკიცა, რომ შესანიშნავი მწვრთნელია. არ დაგვავიწყდეს, რაც მბაპეს წასვლის შემდეგ თქვა, ამას სერიოზულად არავინ აღიქვამდა, ამბობდა, რომ გუნდი მის გარეშე უკეთესი იქნებოდა და როგორც ვხედავთ, ეს სიმართლე აღმოჩნდა. პარიზი როგორც ტექნიკურად, ისე ტაქტიკურად უმაღლეს დონეზეა. „ინტერი“ ცოტა შემეცოდა, ასეთ მარცხს არ იმსახურებდნენ“.

„პარი სენ-ჟერმენის მსგავსი შეტევითი ხაზი არც ერთ გუნდს არ ჰყავს. მომავალი წლისთვის ისინი უკვე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები იქნებიან. ყველაზე რთული პირველი ტიტულის მოპოვებაა, ახლა კი შესაძლოა, მათ ზინედინ ზიდანის „რეალის“ შედეგიც გაიმეორონ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის თასი ზედიზედ სამჯერ მოიგო. ამჟამად, პსჟ ევროპის საუკეთესო გუნდია. როგორც გითხარით, არავის ჰყავს პარიზზე ძლიერი შეტევის ხაზი, ოთხივე მათგანი ნამდვილი მონსტრია“.

„უკვე რამდენიმე წელია, რაც პსჟ ევროპული გრანდია. მათ ორი ფინალი და რამდენიმე ნახევარფინალი ითამაშეს. ის ჯერ არ არის „რეალის“ ან „ბარსელონას“ დონეზე, მაგრამ აუცილებლად მიაღწევს ბევრ წარმატებას. ეს სრულიად შესაძლებელია, გუნდს ბრწყინვალე ფინანსური რესურსი აქვს, კატარელები არ გაჩერებას კიდევ დიდი ხნით აპირებენ და ნებისმიერი მოთამაშის ყიდვა შეუძლიათ. ახლა არც ერთი ფეხბურთელი არ იტყვის პსჟ-ში გადასვლაზე უარს“.

„რომელი ფეხბურთელს მივიჩნევ მთავარ აღმოჩენად? დეზირე დუეს. ის, რაც დღეს გააკეთა, წარმოუდგენელი იყო. ზოგადად, ყველა ფეხბურთელს შესანიშნავი საღამო ჰქონდა, მაგრამ დუეს განსაკუთრებული. სეზონის დასაწყისში დუეს ასეთ დონეზე თამაშს არავინ ელოდა და ბევრი ფიქრობდა, რომ ფინალში ბარკოლა დაიწყებდა, მაგრამ ლუის ენრიკემ სწორი არჩევანი გააკეთა და ამ ბავშვმაც იმედები არ გაუცრუა“.

„აშკარაა, რომ კლუბმა სწორი პროექტი აირჩია. როდესაც გუნდმა დეზირე დუე და ბრედლი ბარკოლა დაიმატა, ისინი ვარსკვლავები არ ყოფილან, იგივე შეიძლება ითქვას კვარაცხელიაზეც. ლუის ენრიკეს გამოკვეთილი ვარსკვლავი არ ჰყავს და ეს შედეგი სწორი პოლიტიკის დამსახურებაა. მართალია, პრეზიდენტს სასურველი ტრანსფერის განსახორციელებლად ყველანაირი ფინანსური რესურსი აქვს, მაგრამ მათ ისეთი კოლექტივი აირჩიეს, რომლებსაც გუნდური თამაში შეეძლოთ და პირადი ინტერესები არ აინტერესებდათ, ამასთან ძალიან ახალგაზრდებიც არიან. ლუის ენრიკემ იცის რასაც აკეთებს და რაც სურს. მან მოახერხა ისეთი სათამაშო სტილის დამკვიდრება, რომლითაც დღევანდელ ფეხბურთში ძალიან ცოტას თუ შეუძლია ასე თამაში“.

ცნობისთვის, საფეტ სუშიჩი პსჟ-ში 1982-1991 წლებში თამაშობდა და პარიზული გუნდის მაისურით ჩატარებულ 287 შეხვედრაში 67 გოლი გაიტანა. 70 წლის სუშიჩი 2009-2014 წლებში ბოსნია & ჰერცეგოვინას ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-მა „ინტერი“ 5:0 გაანადგურა და ჩემპიონობა არსებობის ისტორიაში პირველად იზეიმა. გუშინდელ შეხვედრაში მე-4 გოლი ხვიჩა კვარაცხელიამაც გაიტანა, რომელიც კახა კალაძის შემდეგ მეორე ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები