„გვინდა ევროტურნირზე ქუთაისში ვითამაშოთ“ - ტუღუშმა სპორტის სასახლის რეაბილიტაცია დააანონსა
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფინალურ სერიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლუბის 3:2 დამარცხების შემდეგ, „ქუთაისი 2010“-მა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ, არსებობის ისტორიაში კი მეოთხედ მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ოთხივე შემთხვევაში იმერეთის გუნდი ტიტულამდე კოტე ტუღუშმა მიიყვანა, რომელიც უკვე მრავალი წელია ამ თანამდებობაზე მუშაობს. Crystalsport-თან ინტერვიუ ტუღუშმა ჩვენთვის სასიამოვნო სიახლის გაცნობით დაიწყო, რომლის მოსმენაც კალათბურთის თითოეულ ქართველ გულშემატკივარს გაუხარდება.
კოტე ტუღუში
მაქვს ინფორმაცია, რომ უახლოეს პერიოდში ქუთაისის სპორტის სასახლის რეაბილიტაცია დაიწყება და ყველას დიდი სურვილია, რომ სამუშაოები შემოდგომაზე დასრულდეს, რათა ევროტურნირების საშინაო მატჩები ჩვენს მშობლიურ დარბაზში ჩავატაროთ. რამდენად დიდი მუხტის მომცემია ჩვენთვის სავსე ტრიბუნები, გუშინდელმა შეხვედრამაც ნათლად დაადასტურა და უფრო ძლიერ მეტოქესთან აქ ასპარეზობა დამატებით უპირატესობას მოგვცემს.
რაც შეეხება ფინალურ სერიას, თსუ-სგან დიდ წინააღმდეგობას ველოდით, მაგრამ წარმოუდგენელი იყო ყველასთვის, რომ საწყის ორივე საშინაო შეხვედრაში დავმარცხდებოდით. საბედნიეროდ, თბილისში ორი გამარჯვებით ანგარიში გავათანაბრეთ და მოედნის უპირატესობაც დავიბრუნეთ. რა იყო გადამწყვეტი მომენტი? სერიის მესამე შეხვედრაშიც თავიდანვე სერიოზულად ჩამოვრჩით და იმ მატჩში გარდატეხის შეტანისა და გამარჯვების შემდეგ, ჩემი გუნდის კალათბურთელებმა საბოლოოდ დაიჯერეს, რომ ამ სერიის მოგება შეიძლებოდა.
ევრობასკეტის კენჭისყრაზე რისი თქმა შემიძლია? კონტინენტის პირველობაზე იოლი ჯგუფი და ადვილი მეტოქე არ არსებობს. თუ საქართველოს ნაკრების ყველა წამყვანი კალათბურთელი ტურნირს ჯანმრთელად და სათანადო ფორმაში შეხვდება, პლეი ოფში გასვლა სრულიად რეალური იქნება.
„ორლანდოს“ სამწვრთნელო შტაბისა და ხელმძღვანელების დამოკიდებულება გოგა ბითაძის მიმართ ჩემთვის დღემდე გამოცანად რჩება. გოგამ სეზონის პირველი ნახევარი უბრალოდ იფრინა ისე იასპარეზა და მიუხედავად ამისა, მას სათამაშო დრო შეუზღუდეს. ვფიქრობ, როგორც მისთვის, ასევე სანდრო მამუკელაშვილისთვის ევროპის ჩემპიონატი კარგი საშუალება იქნება საიმისოდ, რომ თავიანთი სიძლიერე ყველას დაუმტკიცონ.
ვინ გახდება NBA-ს გამარჯვებული? „ოკლაჰომას“ საოცარი სეზონი აქვს და ალბათ მთავარი ფავორიტია, მაგრამ „ინდიანამ“ წელს იმდენი სიურპრიზი შემოგვთავაზა, რომ გადაჭრით ვეღარაფერს იტყვი.
ცნობისათვის, „ქუთაისი“ „თსუ“-სთან სერიაში 0:2 მარცხდებოდა და ჩემპიონობა მაინც მოიპოვა. მსგავსი შემთხვევა საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში აქამდე მხოლოდ ერთხელ იყო დაფიქსირებული - 1999 წელს, საწყის ორ მატჩში დამარცხების მიუხედავად, „ვითამ“ „აზოტს“ აჯობა და რიგით მეშვიდე და როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ბოლო ჩემპიონობა იზეიმა.