სამი საყრდენი და რაშფორდი გრილიშის ნაცვლად - რუნის რჩევა საუთგეიტს
Aa
Aa

სამი საყრდენი და რაშფორდი გრილიშის ნაცვლად - რუნის რჩევა საუთგეიტს

ინგლისი - გერმანიის მატჩის წინ უდიდესი მოლოდინია. ისტორიულად დაპირისპირებული ორი ნაკრები ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში „უემბლიზე“ შეხვდება.

უეინ რუნი შეხვედრას დიდი მოლოდინებით ხვდება და გარეთ საუთგეიტს თავის შეხედულებებს უზიარებს.

„შრეკი“ თვლის, რომ ინგლისმა გერმანიასთან 3 ცენტრალური ნახევარმცველით უნდა ითამაშოს, ჰარი კეინს კი ფლანგებიდან არა გრილიში, არამედ სწრაფი გარემარბები უნდა ეხმარებოდნენ.

„იმ ყველაფრის შემდეგ, როცა მე ჯეკ გრილიში დავიცავი, მას გერმანიასთან სასტარტოში მაინც არ დავაყენებდი. მან ჩეხეთთან შესანიშნავად ითამაშა და მისდამი ჩემი დამოკიდებულება ოდნავადაც არ შეცვლილა. ჩემი აზროვნება მთლიანად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ თამაშობენ გერმანელები.

სხვადასხვა მეტოქეები განსხვავებულ მიდგომას საჭიროებენ და ამ მატჩში ჯეკის ნაცვლად მარკუს რაშფორდმა უნდა ითამაშოს.

გერმანია სამი ცენტრალური მცველით თამაშობს, მათი ხაზი მაღლა არის ამოწეული და ისინი მეტოქის მოხრჩობას ცდილობენ. პასებს ფლანგიდან ფლანგზე აკეთებენ, ბურთს თავისუფალ სივრცეში იღებენ, ბრუნდებიან და საპირისპირო ფლანგზე გადადიან, შემდეგ კი ბურთს საჯარიმოში იღებენ.

თუ, თქვენ მათ ბურთს აართმევთ, ისინი გაიძულებენ, რომ პასი ზუსტად ფეხში გააკეთოთ, რადგან მათი მაღლა ამოწეული ხაზი ასეთ დროს თქვენზე პრესინგს ახორციელებს.

რაც უფრო მეტი მოთამაშე გყავს ისეთი, ვისაც ბურთის ფეხში გაჩერება უყვარს, მით უფრო მეტად დაგაპრესინგებენ ისინი. სწორედ ამიტომ, გრილიშის ნაცვლად ჰარი კეინს ორივე ფლანგიდან უფრო მეტად მორბენალი დამხმარეები დასჭირდება.

ჩემი ინსტრუქცია ამ მატჩისთვის იქნება, რომ შევუტიოთ მათი განაპირა მცველების უკან არსებულ სივრცეს, როდესაც ისინი წინ აიწევენ, შემდეგ იერიში ცენტრალურ მცველებზე უნდა მივიტანოთ, განსაკუთრებით ჰუმელსზე, რომელსაც სისწრაფესთან დაკავშირებით პრობლემები აქვს.

თუ, ჯორდან ჰენდერსონი მზად იქნება, მე მას დეკლაინ რაისთან და შონ ფილიპსთან ერთად დავაყენებდი, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჰენდერსონი 100%-ით მზად იქნება. ასეთი დონის მატჩში, სადაც გერმანია ბურთს დაგიჭერს და გაიძულებს, რომ ირბინო, შენ დაიტანჯები, თუ ფიზიკურად სრულ მზადყოფნაში არ იქნები.

მე ჯუდ ბელინგემს გამოვიყენებდი, თუ ჰენდერსონის მიმართ ოდნავი კითხვის ნიშნები მაინც არის. ნახევარდაცვაში ეს დამატებითი მოთამაშე საუთგეიტს მატჩის სოლიდურად დაწყებაში დაეხმარება. ვიგრძნობდი, თუ როგორ მიდის მატჩი და შემდეგ გრილიშისა და ფოდენის ცვლილებაზე შემოსვლით სიტუაციის შეცვლას შევეცდებოდი. გერმანიის წინააღმდეგ ფრთხილად უნდა იყო“. - ციტირებს რუნის სიტყვებს The Times-ი.

შეგახსენებთ, რომ ინგლისისა და გერმანიის მატჩი მერვედფინალების ბოლოს წინა დაპირისპირება იქნება, რომელიც 29 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები