არაბულის გოლი და ზუსტი პენალტი - ქართველმა უნირეა ელიტაში დატოვა
ბაჩანა არაბულისთვის რუმინეთის საფეხბურთო ჩემპიონატში გამართული სადებიუტო სეზონი იმაზე წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ. 31 წლის ქართველი ფორვარდი „უნირეას“ ხელმძღვანელებმა შუა სეზონში იმ მიზნით დაიმატეს, რომ კლუბს ელიტაში ადგილის შენარჩუნებაში დახმარებოდა, რაც არაბულმა ასი პროცენტით შეასრულა და თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ სლობოზიას გუნდი მომდევნო სეზონშიც რუმინეთის სუპერ ლიგაში რომ ითამაშებს, სწორედ მისი დამსახურებაა.
„ვოლუნტარისთან“ პლეი აუტის პირველი შეხვედრაში „უნირეას“ 2:3 ჰქონდა წაგებული, რის გამოც საპასუხო მატჩში საკუთარ სტადიონზე გამარჯვება ყველა ვარიანტში სჭირდებოდა. ბაჩანა არაბულმა და მისმა თანაგუნდელებმა მეტოქე 1:0 დაამარცხეს და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა. გამარჯვების გოლი კი, 41-ე წუთზე ქართველმა ლეგიონერმა გაიტანა, რომელიც თავდაპირველად თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა, თუმცა საქმეში ვიდეორეფერის ჩართვის შემდეგ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.
ანგარიში აღარც ოვერტაიმში შეცვლილა და გამარჯვებულის ბედი თერთმეტმეტრიანების სერიამ გამოავლინა, სადაც „უნირეამ“ დაძაბულ ბრძოლაში 4:3 გაიმარჯვა, არაბულმა კი პენალტი ისე მშვიდად და აუღელვებლად გაიტანა, როგორც მაღალი კლასის ფორვარდს შეეფერება.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ბაჩანა არაბული „უნირეას“ შუა სეზონში შეუერთდა და 8 შეხვედრაში თავი 3 გოლით გამოიჩინა. დარჩება მომდევნო სეზონშიც ამ გუნდში, თუ სხვაგან განაგრძობს კარიერას, ამის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არაფერია.