ბითაძე: ''წარმოუდგენელია, რასაც მამუკელაშვილი აკეთებს''
Aa
Aa

ბითაძე: ''წარმოუდგენელია, რასაც მამუკელაშვილი აკეთებს''

''ინდიანა პეისერსის'' ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ ''ტაიმაუტთან'' სანდრო მამუკელაშვილისა და გიორგი ბეჟანიშვილის შესახებ ისაუბრა, რომლებიც შესაძლოა NBA-ში ვიხილოთ.

„სანდროსთან ძალიან ახლოს ვარ, მასთან მოსამზადებელი პერიოდის დროს ჩავედი, ვნახე როგორ ვარჯიშობდა, ისიც ჩემს სააგენტოშია, ვფიქრობ ასეთი ტალანტის დაკარგვა NBA-სთვის არ იქნება მიზანშეწონილი. წარმოუდგენელია ამხელა მოთამაშე ასე ატარებდეს ბურთს და ასე ისროდეს. თანამედროვე კალათბურთის სტილში ჯდება.

ბეჟანიშვილს რაც შეეხება, ის წასული იყო თავიდანვე და მასთან ახლო ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ ისიც ძალიან ფიზიკური მოთამაშეა და ვფიქრობ, მასაც აქვს NBA-ში მოხვედრის შანსი, უბრალოდ სენიორებისთვის ცოტა რთულია დრაფტზე გასვლა, მაგრამ ორივეს აქვს შანსი და ამის დიდი იმედი მაქვს. თუ სანდროს ვიხილავ „ინდიანაში“ ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება“.

ბითაძემ ''ლეიკერსთან'' შეხვედრა გაიხსენა. სტატისტიკით მიხედვით ქართველმა კალათბურთელმა ''ლეიკერსის'' წინააღმდეგ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მან ლებრონთან დაფარებაზე ისაუბრა: ''უხეშად რომ ვთქვა, ფულს იმისთვის მიხდიან, რომ იქ წავიდე და დავაფარო მათ, ვინც შემოდის სამწამიანში. იქ ლებრონი იქნება... ნუ სახელების ყურება რომ დავიწყო, ძალიან რთულია. ჩემს საქმეს ვასრულებ, არ ვფიქრობ მეტოქეებზე''.

შეგახსენებთ, NBA-მ იმ კალათბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ივნისის ბოლოს ჩანიშნულ Draft Combine-ს დაესწრებიან. ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ 69 ახალგაზრდა შეარჩია და მათ შორის სანდრო მამუკელაშვილიცაა.

Draft Combine-ზე კალათბურთელებს NBA-ის გუნდების წარმომადგენლებთან ინტერვიუები ექნებათ, 5-5-ზე გამართულ მატჩებში მონაწილეობას მიიღებენ და სხვადასხვა ვარჯიშებს გაივლიან (სიძლიერე, სროლა, მოძრაობა). 22-დან 25 ივნისამდე ვარჯიშებია დაგეგმილი, ხოლო 25 ივნისს, მატჩები გაიმართება და ESPN2 მათ პირდაპირ ეთერში გადასცემს.

Draft Combine-ზე იმ კალათბურთელებს იწვევენ, რომელთა ხილვაც NBA-ის გუნდების წარმომადგენლებს საკუთარი თვალით სურთ და მათ მიმართ ინტერესი აქვთ. წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში, დიდი შანსია, რომ მამუკელაშვილი მოახლოებულ დრაფტზე აირჩიონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები