Aa Aa
9 ივნისი 2021  |  17:39

„ისტორიაში სამუდამოდ დარჩება“ - ijf.org-ის მაგარი სტატია შავდათუაშვილზე

ijf.org-მა ლაშა შავდათუაშვილის შესახებ ძალიან საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ყურადღება ქართველი ძიუდოისტის წარსულსა და მსოფლიო ჩემპიონატზე მის მიერ მიღწეულ წარმატებაზეა გამახვილებული.

„მოდით, პირდაპირ მთავარ საკითხზე გადავიდეთ და ლაშა შავდათუაშვილის რეაქციას დავაკვირდეთ. „იცით, რომ ამ მომენტიდან საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ძიუდოისტი ხართ“? ლაშამ თავი დახარა და ჩაისუნთქა, რადგან ზღვა ემოციებთან გამკლავება უჭირს. შემდეგ კი თავი ასწია და მსოფლიოში ყველაზე საოცარი ღიმილი გვაჩუქა, თუმცა არაფერი უთქვამს. არაფერი უთქვამს, რადგან არ შეუძლია და სიტყვებს ვერ პოულობს. ეს აბსოლუტურად ნორმალურია. იოლი სულაც არაა ისტორიული წარმატების მიღწევიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, საკუთარ თავზე ილაპარაკო.

ლაშას მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი აკლდა და მას წლების განმავლობაში ეძებდა. ყველაფრის უკეთ გასაგებად, დროის მანქანის გამოყენება მოგვიწევს. 2012 წლის ოლიმპიადაზე, რომელიც ლონდონში გაიმართა, ლაშა 20 წლის იყო. პოტენციალისა და ტალანტის შეფასება რამდენად კარგადაც არ უნდა შევძლოთ, ფაქტია, რომ ამ ასაკში ოქროს მედლის მოგება რაღაც განსაკუთრებულის ნიშანია. მაშინ ძიუდოს სამყარო ხვდებოდა, რომ ქართველის კარიერა მხოლოდ ერთი წარმატებული ეპიზოდით არ შემოიფარგლებოდა.

მსოფლიოში მილიონობით ძიუდოისტია და ჩემპიონი რამდენიმე ათასი გახლავთ, მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი და ოლიმპიადა კი მხოლოდ ერთეულებმა მოიგეს. საქართველოში ასეთი ადამიანი ერთია. ისიც 2021 წლის 8 ივნისიდან.

2013 წელს, ლაშა ევროპის ჩემპიონი გახდა, რაც სავსებით ლოგიკური გახლდათ. მაშინ მისი მომენტი იდგა და იგი 73 კილოგრამი წონითი კატეგორიის გიგანტი იყო. ევროპის ჩემპიონობის შემდეგ, მის კარიერაში ურთულესი პერიოდი დადგა. ლაშა ტახტის შენარჩუნებას ცდილობდა, დროს ებრძოდა და ახალგაზრდა, ჩამოყალიბებული და წარმატებას მოწყურებული მომავალი მეფეების კონკურენციას უმკლავდებოდა. ლაშა ნომერ პირველი იყო სპორტში, რომელშიც საუკეთესო სპორტსმენის დამარცხებაზე სასიამოვნო არაფერია.

ლაშა მეტოქეებისთვის სახიფათო მოწინააღმდეგედ დარჩა და მსოფლიო რეიტინგში წამყვანი პოზიციების შენარჩუნება მოახერხა. იგი სხვადასხვა სინჯის მედლების მოგებას შეეჩვია, თუმცა დრო გადიოდა და ბოლო მწვერვალის დაპყრობას ვერა და ვერ ახერხებდა. ეს მწვერვალი მსოფლიო ჩემპიონობა გახლდათ.

ახალი თაობის ლიდერები ძიუდოს ნამდვილი საოცრება, ონო შოჰეი და აზერბაიჯანელი რუსტამ ორუჯოვი იყვნენ. ლაშა მათ დონეზე გახლდათ და იერიშებს უმკლავდებოდა. 2016 წლის ოლიმპიადაზე ონომ ოქროს მედალი აიღო, ორუჯოვი ვერცხლს დასჯერდა, ხოლო ლაშა - ბრინჯაოს. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს მისი დრო იწურებოდა და იგი წარმატებას ვეღარასდროს მიაღწევდა. მიუხედავად ამისა, ლაშა მსოფლიოს ტოპ 5 ძიუდოისტს შორის მაინც დარჩა, რაც საკუთარი ნიჭისა და ქართველების შეუპოვარი ხასიათის დამსახურება გახლდათ, რადგან როცა საუბარი ბოლო ამოსუნთქვამდე ბრძოლას ეხება, ქართველების დონეზე არავინ იმყოფება.

იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ლაშა დაღმასვლას განიცდიდა და რამდენიმე გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, იღბლიანი დღეებისას, თავს მხოლოდ ბრინჯაოს მედლით ინუგეშებდა, თუმცა ასეთ დასკვნას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანდით, თუ ლაშაზე ან ქართველ ხალხზე არაფერი იცოდით.

29 წლის ლაშა საკმაოდ მომთხოვნ სპორტში გატარებული უამრავი წლის შემდეგ, ბუდაპეშტში ჩავიდა. ის უნგრეთში ბრინჯაოს მედლის ასაღებად არ ჩამოსულა. იგი ჩამოვიდა, რათა გაეკეთებინა ის, რაზეც ტურნირამდე რამდენიმე დღით ადრე, მისი თანაგუნდელების, მწვრთნელებისა და მეგობრების გარდა, ფსონს არავინ ჩამოვიდოდა. საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა და ქართველ ძიუდოისტებს პროგნოზების განადგურება უყვართ.

ფინალური დაპირისპირება ლამაზი სანახაობა არ ყოფილა, პირიქით, რთული, დაძაბული და ტაქტიკური ბრძოლა ვიხილეთ, რომელშიც წარმატებას მხოლოდ ნამდვილი სპეციალისტები აღწევენ. ფინალები იმისთვისაა, რომ მოიგო და ლაშამ ტომი მაციასთან მოპოვებული გამარჯვებით საკუთარი სტატუსი სამუდამოდ შეცვალა.

2012 წელს, ის ქართველთა კერპი გახდა და 2013 წელს ძიუდოს ისტორიაში 1000 საუკეთესო ძიუდოისტს შორის დაიმკვიდრა ადგილი. ამიერიდან, იგი საქართველო სახეა და ისტორიის წიგნებში მას სამუდამოდ მოიხსენიებენ.

ლაშა ამ თემაზე სწორედ ამიტომ არ საუბრობს. შეუძლებელია, საკუთარი სახელის უკვდავებაზე მაშინ ილაპარაკო, როცა ოფლი ჯერ არ შეგშრობია და პრესის წარმომადგენლები მოუთმენლად გელოდებიან. ჩვენ მის წინაშე ქედს ვიხრით და გაოცებულნი ვართ.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩემი კარიერა ახალგაზრდების შთაგონების წყაროა. ძიუდოზე ფიქრი, შრომა და ვარჯიში არასდროს შემიწყვეტია. ყოველთვის სიახლეებს ვეძებდი და მინდოდა, პროგრესისთვის მიმეღწია. თუ ახალი თაობის წარმომადგენლებიც იმავეს გააკეთებენ, ქართული ძიუდოს მომავალს საფრთხე არ ემუქრება“,- ამბობს ლაშა.

როცა ცოცხალი ლეგენდა სხვებზე ფიქრობს და არა საკუთარ თავზე, ეს ნიშნავს, რომ სპორტსმენზე წინ მისი პიროვნება დგას და მედლების მოსაპოვებლად ღირებულებებისა და განათლების შერწყმას ახდენს, რაც შეუჩერებელი კომბინაციაა.

ლაშას გვერდით საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს ვხედავთ და იგი ემოციების მოთოკვას ცდილობს. გიორგი ათაბეგაშვილს სურს, ეიფორია გამოხატოს და იყვიროს, მაგრამ ის ფედერაციის პრეზიდენტია და ოფიციალურობა უნდა შეინარჩუნოს.

„ძალიან იღბლიანი ვარ, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს, 2018, 2019 და 2020 წლებში, საქართველომ 3 მნიშვნელოვანი მედალი აიღო. ეს ჩვენ მიერ გაღებული მსხვერპლის, ჩვენი გეგმის, უდიდესი ტალანტისა და სტაბილური მუშაობის სანაცვლოდ მიღებული ჯილდოა“, - ამბობს ათაბეგაშვილი“, - წერს ijf.org.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში