მიქაუტაძის 83 წუთი - ვილიარეალმა ქულა გადაარჩინა
ესპანეთის ლა ლიგის 28-ე ტური „ალავესი“ - „ვილიარეალის“ შეხვედრით დაიწყო, სადაც მასპინძლები სტუმრებზე უკეთ გამოიყურებოდნენ და რაფა მარინის ავტოგოლით ამარცხებდნენ კიდეც, თუმცა არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში „ყვითელი სუბმარინა“ მარცხისგან ნიკოლას პეპემ გადაარჩინა და საბოლოო ანგარიში 1:1 დააფიქსირა.
გიორგი მიქაუტაძე ტრადიციულად „ვილიარეალის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მთავარმა მწვრთნელმა მარსელინო გარსია ტორალმა, რომელიც ვალენსიური კლუბის დამრიგებლის პოსტზე საიუბილეო, მე-100 მატჩს ატარებდა, 83-ე წუთზე შეცვალა. 25 წლის ქართველ ფორვარდს საუკეთესო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, თუმცა რამდენჯერმე სიტუაციის გამწვავება სცადა და თუ ვინმე ცდილობდა მეტოქის კართან მდგომარეობის დაძაბვას, ეს სწორედ გიორგი გახლდათ.
ათბალიანი სისტემით მიქაუტაძემ 6.7 მეათედი შეფასება მიიღო. კარისკენ მისი 3 დარტყმიდან მასპინძლებმა ერთი დაბლოკეს. გიორგიმ პასები 100-პროცენტიანი (ათიდან ათი) სიზუსტით გაანაწილა, ერთი საკვანძო გადაცემა შეასრულა, ბურთს 30-ჯერ შეეხო და დრიბლინგის სამი მცდელობიდან ორი წარმატებული აღმოჩნდა.
ცნობისათვის, ესპანეთის ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე 8 გოლი და 4 საგოლე პასია. „ვილიარეალი“ კი 28 მატჩში დაგროვებული 55 ქულით მესამე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას „ყვითელი სუბმარინა“ საკუთარ სტადიონზე „სოსიედადთან“ გამართავს, რომელიც პარასკევს, 20 მარტს, თბილისის დროით ღამის თორმეტ საათზე დაიწყება.