„დაუჯერებელი ფეხბურთელია“ | მანჩესტერ იუნაიტედს კვარას ტრანსფერი ურჩიეს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, პოლ პარკერმა „წითელ ეშმაკებს“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ურჩია. პარკერმა ინტერვიუ Goal-ს მისცა და განაცხადა, რომ „კვარას“ გადაყვანა „იუნაიტედისთვის“ შესანიშნავი გარიგება იქნებოდა.
„ხვიჩა დაუჯერებელი ფეხბურთელია და ყოველგვარი ეჭვის გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მანჩესტერისთვის ბრწყინვალე ტრანსფერი იქნებოდა. მას შეუძლია, ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგოს და რატომ მოუნდება ამის შემდეგ „ოლდ ტრაფორდზე“ გადმოსვლა? შესაძლოა, „პარი სენ-ჟერმენში“ კმაყოფილი იყოს, მაგრამ ხომ არსებობს ალბათობა, რომ გამოვიდეს და თქვას, სხვა ჩემპიონატში მინდა ძალების მოსინჯვაო.
კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელიც თავდაუზოგავად მუშაობს. მარცხენა ფლანგზე ის გუნდს მატეუს კუნიაზე მეტ ხარისხს შესძენს, ამიტომ მის ვარიანტს აუცილებლად განვიხილავდი.“
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში კვარაცხელია რამდენიმე ინგლისურ კლუბს დაუკავშირეს. სხვადასხვა დროს „არსენალზე“, „ლივერპულსა“ და „ჩელსიზე“ დაიწერა. ფრანგული პრესის მიხედვით, ხვიჩა „პარკ დე პრენსზე“ ბედნიერია და მისი გაშვება პსჟ-საც არ უნდა.