ლოჩოშვილი საიმედო იყო - ნიურნბერგმა მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვა
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 26-ე ტურში „ნიურნბერგი“ გათამაშების სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე მყოფ „ჰოლშტაინ კილს“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 3:2 გაიმარჯვა. ბავარიული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ლუკა ლოჩოშვილი, სრულად იასპარეზა და საიმედოდ გამოიყურებოდა.
22-ე წუთისთვის სტუმრები იულიან იუსტვანის დუბლით ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ და თითქოს მათ უპირატესობას საფრთხე არ უნდა დამუქრებოდა, თუმცა ჯერ ადრიან კაპრალიკმა 39-ე წუთზე ანგარიშში ჩამორჩენა შეამცირა, ხოლო პირველი ტაიმისთვის კომპენსირებულ მერვე წუთზე კასპერ დავიდსენმა წონასწორობა აღადგინა. გამარჯვების გოლი კი 72-ე წუთზე მოჰამედ ალი ზუმას ანგარიშზეა.
რაც შეეხება ლოჩოშვილს, ათბალიანი სისტემით 6.7 მეათედი შეფასება მიიღო, ბურთს 61-ჯერ შეეხო, 17-ჯერ დაკარგა, პასები 65-პროცენტიანი (37-დან 24) სიზუსტით გაანაწილა, დრიბლინგის ორივე მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა, სახიფათო მომენტი 11-ჯერ განმუხტა და ოთხიდან სამი საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო.
ცნობისათვის, 26 ტურში დაგროვებული 33 ქულით „ნიურნბერგი“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ლუკა ლოჩოშვილი და მისი თანაგუნდელები საკუთარ სტადიონზე „კაიზერსლაუტერნთან“ გამართავენ, რომელიც 21 მარტს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.