„შემოთავაზებული თანხა ცოტა იყო“ - ილიას აგენტი მახაჩევთან ჩაშლილ ბრძოლაზე
ილია თოფურიას მენეჯერმა, მალკი კავამ, ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ „თეთრ სახლში“ დაგეგმილ ბრძოლასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრა.
მენეჯერის თქმით, მათ თავდაპირველად უარი თქვეს მახაჩევთან დაპირისპირებაზე, რადგან შეთავაზებული თანხა არ აკმაყოფილებდათ, ხოლო როდესაც ბრძოლა ხელახლა მოითხოვეს, აღმოჩნდა, რომ მახაჩევი ტრავმირებული იყო.
„ჩვენ ორიენტირებულები ვიყავით ისლამთან ბრძოლის მიღებაზე. ოთხშაბათს მკითხეს: „გსურთ ბრძოლა ისლამთან თუ გეიჯისთან?“ ვუპასუხეთ: „რა თქმა უნდა, ისლამთან“. დაგვისახელეს თანხა და ვთქვით: „კატეგორიული არა“. ამის შემდეგ არაფერი გვსმენია. შემოთავაზებული თანხა ძალიან მცირე იყო - ვუპასუხეთ, რომ ამ ფასად არ ვიბრძოლებდით“,
– განაცხადა კავამ ჯონ ენიკისა და კენი ფლორიანის პოდკასტში.
„სინამდვილეში, ორივე ვარიანტზე უარი ვთქვით დაბალი ჰონორარის გამო. ეს სიმართლეა. თუმცა, როცა პარასკევს ახალი შემოთავაზებით დაგვიბრუნდნენ, ჩვენ ისლამთან ბრძოლა მოვითხოვეთ, რაზეც გვიპასუხეს, რომ ის ტრავმირებულია. ასე რომ, იმ მომენტისთვის ჯასტინი ერთადერთი ვარიანტი იყო. მაგრამ ჩვენ ისლამთან ჩხუბს ვითხოვდით“,
– დაამატა მენეჯერმა სოციალურ ქსელში.
როგორც მოგეხსენებათ, ილია თოფურიამ განაცხადა, რომ ისლამ მახაჩევმა მასთან ბრძოლაზე უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ მსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამრების გამაერთიანებელი ბრძოლა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის შორის 14 ივნისს, „თეთრ სახლში“ ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლისთავისადმი მიძღვნილ UFC-ის ტურნირს დააგვირგვინებს.