Aa Aa
4 მაისი 2021  |  20:23

მარცხი მადრიდში - ბასილაშვილმა პერთან 2 სეტში წააგო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიუნხენის BMW OPEN-ის მოგების შემდეგ, ესპანეთს მიაშურა და მადრიდის 1000-იან ტურნირში ჩაერთო. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი შეხვედრა ბენუა პერის წინააღმდეგ გამართა და 2 სეტში დამარცხდა - 4:6, 5:7.

მატჩის სტარტზე უპირატესობას ფრანგი ჩოგბურთელი ფლობდა და ნიკოლოზმა ზედიზედ 3 გეიმი დათმო, თუმცა თამაშში დაბრუნება მოახერხა და ანგარიში გაათანაბრა. მომდევნო 3 გეიმში ჩოგბურთელებმა თავიანთი მოწოდებები აიღეს, 4:5-ზე კი ბასილაშვილის მეტოქემ სეტპოინტი მიიღო და მიზანს მიაღწია.

მეორე პარტია თანაბარ ბრძოლაში დაიწყო და მესამე გეიმში ნიკოლოზმა ბრეიკი შეასრულა, მაგრამ ფრანგმა ჩოგბურთელმა უკუბრეიკი შემოგვთავაზა და წონასწორობა აღადგინა - 2:2. მომდევნო 3 გეიმში ბრეიკპოინტი არც ერთს ჰქონია, 3:4-ზე კი ბასილაშვილმა საკუთარი მოწოდება დათმო და პერს მატჩზე ჩაწოდების შანსი მიეცა. ბენუამ შანსი ვერ გამოიყენა და გეიმი მშრალზე წააგო - 4:5. ქართველმა ჩოგბურთელმა ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხა, თუმცა 5:6-ზე მეტოქეს მატჩპოინტი მისცა და პერს შანსი ხელიდან მეორედ არ გაუშვია.

ცნობისთვის, ფრანგ ჩოგბურთელს მომდევნო რაუნდში ურთულესი შეხვედრა ელის და იგი ამ ტურნირზე მე-4 ნომრად განთესილ სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში