„უკვე ყელში ამომივიდა" - შოტლანდიელმა ფეხბურთელმა პირველი ტაიმის შემდეგ კარიერა დაასრულა
შოტლანდიის რანგით მეოთხე დივიზიონში მოასპარეზე კლუბის, „ალბიონ როვერსის“ ფეხბურთელმა, დევიდ კოქსმა „სტენჰაუზმურთან“ გამართული მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ, კარიერა დაასრულა. 32 წლის შოტლანდიელს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს და 2019 წელს Sky Sports-თან განაცხადა, რომ „კოუდენბითში“ ასპარეზობისას ამ თემაზე მიღებული შეურაცხყოფის გამო თავის მოკვლას აპირებდა. (კოქსს დეპრესია აწუხებს)
იანვარში, კოქსმა ბუცები კინაღამ ლურსმნებზე ჩამოკიდა. ვითარება მარტში შეიცვალა, როცა ახალი ვარიანტი გამოუჩნდა და „ალბიონში“ გადავიდა, თუმცა მისი კარიერა დიდხანს არ გაგრძელებულა. „სტენჰაუზმურთან“ მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ, შოტლანდიელმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე კიდევ ერთხელ დასცინეს, რის გამოც ფეხბურთიდან მიდის.
„ისევ იგივე მოხდა და მომიწია, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ შეძახილებს გავმკლავებოდი. მეორე ტაიმი ახლა იწყება, მე კი სტადიონი უკვე დავტოვე. სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი და მითხრეს, რომ „პირველად ყველაფერი სწორად უნდა გამეკეთებინა“(აქცენტი თვითმკვლელობაზეა).
წარსულში ჩემს თავს დავპირდი, რომ თუ მსგავსი რამ განმეორდებოდა, სტადიონს მაშინვე დავტოვებდი. არ ვხუმრობ. ფეხბურთს თავს ვანებებ. ვიღაცებმა შესაძლოა, იფიქრონ, რომ ეს მნიშვნელოვანი არაა, მაგრამ უკვე ყელში ამომივიდა, თანაც ბევრს არ მიხდიან.
ვეცადე, ამ თემაზე მსაჯებთან მელაპარაკა, მაგრამ მათ არ მოინდომეს, ამის შესახებ სცოდნოდათ, რადგან არაფერი გაუგიათ. თუ არბიტრებს არაფერი გაუგიათ, ისინი ვერაფერს მოიმოქმედებენ და ამიტომ, ნაბიჯის გადადგმა მე გადავწყვიტე. თამაშს ვტოვებ და ფეხბურთიდან მივდივარ“.
მატჩის შემდეგ, შოტლანდიურმა კლუბებმა ოფიციალური განცხადებები გაავრცელეს და მომხდარი დაგმეს. „სტენჰაუზმურის“ მიხედვით, ფეხბურთელი, რომელიც ინციდენტში მონაწილეობდა, ჯონათან ტიფონი იყო და კოქსის მისამართით ზემოთ ხსენებული რეპლიკა სწორედ მან გამოიყენა. ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაცია მომხდარზე გამოძიების დაწყებას აპირებს.