ყველაფერი შეიცვალა - მოდრიჩს რეალიდან უშვებენ
წლევანდელი სეზონის მიმდინარეობისას, რამდენიმე მადრიდულ გამოცემაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კლუბის ვეტერან ფეხბურთელთან ლუკა მოდრიჩთან თანამშრომლობა კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივდებოდა და ის „რეალში“ 2026 წლის ზაფხულამდე დარჩებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ყველაფერი შეიცვალა, სამეფო კლუბის ხელმძღვანელებმა 39 წლის ხორვატი ნახევარმცველის მიმართ ნდობა დაკარგეს და მის გაშვებას გეგმავენ.
Marca-ს მიერ გავრცელებული ბოლო ცნობით, უახლოეს დღეებში ფეხბურთელის აგენტი კლუბის პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს შეხვდება, სადაც ეს საკითხი გადაწყდება, თუმცა როგორც ვარაუდობენ, 90-პროცენტიანი ალბათობით, ლუკას წასვლა მოუწევს, რადგან სამეფო გუნდის ახალი დამრიგებელი ჩაბი ალონსო მას საკუთარ პროექტში არ მოიაზრებს და „ბლანკოსის“ მაქსიმალურად გაახალგაზრდავებას გეგმავს. მოდრიჩის აგენტის არგუმენტები არის ციფრები - მისმა კლიენტმა წლევანდელ სეზონში 54 მატჩი - საკლუბო, 8 კი სანაკრებო დონეზე ჩაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფიზიკური თვალსაზრისით ყველაფერი წესრიგში აქვს.
ცნობისათვის, როდესაც ლუკა მოდრიჩმა „რეალში“ 2026 წლის ზაფხულამდე დარჩენის სურვილი გამოთქვა, მთავარ მოტივად დაასახელა ის ფაქტი, რომ მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატს კარგ ფორმაში შეხვედროდა, რომელიც მის კარიერაში სავარაუდოდ უკანასკნელი ტურნირი იქნება.