„რასაც დღეს წარმოვადგენ, ვალენსიას დამსახურებაა“ - მამარდა მესტალიას დაემშვიდობა
ლა ლიგის 37-ე ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „ატლეტიკ ბილბაოს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა.
ქართველმა მეკარემ „ღამურების“ მაისურით „მესტალიაზე“ ბოლო მატჩი ჩაატარა და სამწუხაროდ კარის მშრალად შენახვა და გამარჯვება ვერ შეძლო. მამარდაშვილს კარგი მატჩი ჰქონდა და სამ ეპიზოდში მოახერხა თავისი გუნდის გადარჩენა, მაგრამ 72-ე წუთზე ბერენგერის ბრწყინვალე დარტყმის მოგერიება ვერ შეძლო. საბოლოოდ, ქართველმა მეკარემ მატჩი 3 სეივით დაასრულა.
გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიას“ შემადგენლობაში „მესტალიაზე“ ბოლო შეხვედრა ჩაატარა. მომდევნო ტურში, რომელიც 25 მაისს სტუმრად „ბეტისთან“ გაიმართება, ქართველი მეკარე „ღამურების“ მაისურს უკანასკნელად მოირგებს, რის შემდეგაც კლუბს დატოვებს და კარიერას „ლივერპულში“ გააგრძელებს. ამის გამო, „მესტალიაზე“ შეკრებილმა ფანებმა 24 წლის მეკარე აპლოდისმენტებით გააცილეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მამარდაშვილმა კომენტარი ლა ლიგის მიკროფონებთან გააკეთა.
რა თქვა მამარდაშვილმა:
„ჩემთვის ძალიან ემოციური და რთული საღამო იყო. ვფიქრობ, რომ არა „ვალენსია“, დღეს ის ვერ ვიქნებოდი, ვინც ახლა ვარ. მათ ჩემს მიმართ დიდი დამსახურება აქვთ. დიახ, მიზანი ლა ლიგაში დარჩენა იყო და ამ მიზანს მივაღწიეთ, შემდეგ უკვე ევროტურნირებზე გასვლის კარგი შანსიც გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, წელს ეს ვერ მოვახერხეთ. იმედი მაქვს, ამას გუნდი შემდეგ სეზონში შეძლებს. ბერენგერის გოლი? ღმერთო ჩემო, ეს ბიჭი ძალიან კარგად ურტყამს, ნამდვილად კარგი გოლი გაიტანა, გამეორებით უნდა ვნახო“.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიას“ შემადგენლობაში 33-ე მატჩი ჩაატარა, 47 გოლი გაუშვა და 8-ჯერ კარის მშრალად შენახვა შეძლო.
„ღამურები“ ლა ლიგის 2024/25 წლების სეზონის დასკვნით, 38-ე ტურის შეხვედრას 25 მაისს, სტუმრად „ბეტისთან“ ჩაატარებენ. როგორც გითხარით, გიორგი მამარდაშვილისთვის ეს მატჩი „ვალენსიას“ მაისურით უკანასკნელი იქნება.