„დასრულდა თავგადასავალი, რომელიც 4 წლის წინ დაიწყო...“ - მამარდა ვალენსიას დაემშვიდობა
საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ დაემშვიდობა. 24 წლის ფეხბურთელმა სპეციალური წერილი სოციალურ ქსელში გაავრცელა და ესპანურ კლუბს და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
„ვალენსია“ დღეს ლა ლიგის 37-ე ტურში საკუთარ მოედანზე „ატლეტიკ ბილბაოსთან“ 0:1 დამარცხდა და თუ მამარდაშვილის წერილიდან ვიმსჯელებთ, ქართველმა მეკარემ „ღამურების“ მაისური არა მესტალიაზე, არამედ კარიერაში ამ ეტაპზე უკანასკნელად მოირგო.
რას წერს ქართველი მეკარე:
არ ვიცი, ვიყავი თუ არა საუკეთესო, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი ჩემი თავის საუკეთესო ვერსია.
დღეს განსაკუთრებული და ემოციური დღეა. დასრულდა თავგადასავალი, რომელიც 4 წლის წინ დაიწყო. ჩამოვედი როგორც უბრალო ბავშვი, ესპანურის ცოდნის გარეშე, მაგრამ დიდი ოცნებით. ამ დროში იყო ბევრი სირთულე, განვითარების რთული გზა და დაუვიწყარი მომენტები.
დღეს დროა დაგემშვიდობოთ.
მადლობა ყველას, ვინც ამ 4 წლის განმავლობაში ჩემს გვერდით იდგა.
ვფიქრობ, ჩემი პატარა ისტორია ვალენსიაში დავტოვე.
იმედია, ეს კლუბი ყოველთვის იქნება იქ, სადაც მისი ადგილია.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიას“ შემადგენლობაში 33-ე მატჩი ჩაატარა, 47 გოლი გაუშვა და 8-ჯერ კარის მშრალად შენახვა შეძლო.
„ღამურები“ ლა ლიგის 2024/25 წლების სეზონის დასკვნით, 38-ე ტურის შეხვედრას 25 მაისს, სტუმრად „ბეტისთან“ ჩაატარებენ და სავარაუდოდ, ამ მატჩში გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ კარს აღარ დაიცავს. შეგახსენებთ, რომ მომდევნო სეზონიდან ქართველი მეკარე „ლივერპულს“ შეუერთდება.