ვირტუსმა სერია გამარჯვებით დაიწყო - შენგელია მოხსნებში საუკეთესო იყო
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის პლეი ოფი „ვირტუსმა“ გამარჯვებით დაიწყო. ბოლონიურმა კლუბმა მეოთხედფინალური სერიის პირველ შეხვედრაში საკუთარ დარბაზში „ვენეცია“ 5-ქულიანი სხვაობით, 90:85 დაამარცხა. თორნიკე შენგელიას შედარებით მცირე სათამაშო დრო მიეცა, რაც მის შედეგიანობაზეც აისახა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე გატარებულ 17 წუთში 7 ქულასთან ერთად, 7 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. თოკომ ოთხიდან ერთი ორქულიანი და ექვსიდან ხუთი საჯარიმო ჩააგდო, ხოლო პერიმეტრიდან მისი ორი სროლიდან ორივე არაზუსტი აღმოჩნდა. მოხსნების რაოდენობით შენგელია „ვირტუსში“ საუკეთესო გახლდათ და შვიდიდან ექვს შემთხვევაში ამის გაკეთება დაცვაში ასპარეზობისას მოახერხა, ბურთი სამჯერ დაკარგა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
ცნობისათვის, „ვირტუსი“ იტალიის ჩემპიონი ბოლოს 2022 წელს გახდა და ქვეყნის საუკეთესო გუნდის წოდების დაბრუნებას წელს აპირებს. ბოლონიელებსა და ვენეციელებს შორის სერიის მეორე მატჩი 20 მაისს შედგება, სადაც მასპინძლები ისევ შენგელია და მისი თანაგუნდელები იქნებიან.