მანჩესტერ სიტი VS დორტმუნდი - მატჩის წინ
Aa
Aa

მანჩესტერ სიტი VS დორტმუნდი - მატჩის წინ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების სეზონის მეოთხედფინალში პეპ გუარდიოლას ''მანჩესტერ სიტის'' მეტოქე ედინ ტერზიჩის ''დორტმუნდია''. ევროპული ფეხბურთის ქომაგებისთვის ძალიან საინტერესო დაპირისპირება 6 აპრილს, ''ეტიჰედზე'', თბილისის დროით 23:00 სააათზე დაიწყება. საპასუხო მატჩი გერმანიაში, ''სიგნალ იდუნა პარკზე'' 14 აპრილს შედგება.

მანჩესტერ სიტი

გუარდიოლას გუნდი ბრწყინვალე ფორმაშია, ყველა ტურნირის ჩათვლით ჩატარებულ უკანასკნელ 27 შეხვედრაში ''ქალაქელები'' მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ, 26 თამაში კი გამარჯვებით დაასრულეს. რაც შეეხება კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგას, მერვედფინალურ ეტაპზე მანჩესტერულმა გუნდმა ''გლადბახი'' ორი მატჩის ჯამში 4:0 დაამარცხა და გერმანული ბარიერი დამაჯერებლად დაძლია.

აღსანიშნავია კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, გუარდიოლას გუნდს ყველა ტურნირის ჩათვლით ჩატარებულ ბოლო ოთხ მატჩში გოლი არ გაუშვია.

''დორტმუნდთან'' მატჩამდე ''მან. სიტიმ'' პრემიერ ლიგაში ბრენდან როჯერსის ''ლესტერი'' მენდისა და ჟესუსის გოლებით სტუმრად დაამარცხა.

რა თქვა გუარდიოლამ მატჩის წინ

პეპ გუარდიოლა: ''ნებისმიერ გუნდს მაქსიმალურად შორს წასვლა, მაქსიმალურად კარგი შედეგის ჩვენება სურს, მაგრამ ერთია სურვილი და მეორე საკითხია მოედანზე მაქსიმალურად კარგად ასპარეზობა. ბოლო ორი თვიდან გამომდინარე, ჩემი გუნდის მომზადებით კმაყოფილი ვარ, თუმცა მეტოქეზე ფიქრისას სატურნირო ცხრილს და განვლილ მატჩებს ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან ყოველი მატჩი 0:0-დან იწყება და წარმატების შანსი ორივე გუნდს აქვს.

როცა ''ბაიერნში'' ვმუშაობდი, ''დორტმუნდი'' ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგ იყო. გერმანულ კლუბს არაერთი მაღალი დონის მოთამაშე ჰყავს ჰოლანდის, ჰუმელსის, დაუდისა თუ სანჩოს სახით. მათ გარდა კიდევ არაერთის ჩამოთვლა შემიძლია. მერვედფინალურ ეტაპზე ''დორტმუნდმა'' ''სევილიას'' დამარცხება შეძლო, იმ გუნდის, რომელიც ორმატჩიან დაპირისპირებებში წარმატებული ასპარეზობით გამოირჩევა.

''დორტმუნდს'' ფანტასტიკური ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც კლუბის აკადემიიდან დაწინაურდნენ''.

დორტმუნდი

რაც შეეხება ტერზიჩის გუნდს, ''დორტმუნდმა'' ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მძიმე ბრძოლაში ''სევილია'' ორი მატჩის ჯამში 5:4 დაამარცხა. ესპანურ კლუბთან საპასუხო მატჩის შემდეგ ''დორტმუნდმა'' ბუნდესლიგაში სამი მატჩი ჩაატარა, ''ჰერტას'' სძლია, ''კიოლნთან'' ფრედ ითამაშა, ხოლო საკუთარ კედლებში ''აინტრახტთან'' 1:2 დამარცხდა.

მიმდინარე სეზონში ''დორტმუნდი'' არასტაბილურად ასპარეზობს. გერმანიის ჩემპიონატში 43 ქულით მე-5 ადგილზეა და მეოთხეადგილოსან ''აინტრახტს'' 7 ქულით ჩამორჩება.

''დორტმუნდის'' გამორჩეული მოთამაშე 20 წლის ნორვეგიელი ფორვარდი ერლინგ ჰოლანდია, რომელმაც ბუნდესლიგის 22 შეხვედრაში 21 გოლი შეაგდო და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ექვს მატჩში 10 გოლით გამოიჩინა თავი, რაც ფანტასტიკური მაჩვენებელია.

რა თქვა ტერზიჩმა მატჩის წინ

''მანჩესტერ სიტი'' მსოფლიოს უძლიერესი კლუბია, რომელიც უმაღლესი დონის ფეხბურთს თამაშობს. ურთულესი მატჩის მოლოდინი გვაქვს. წარმატების მიღწევა ძალიან რთული იქნება.

''აინტრახტთან'' მარცხით იმედგაცრუებულები ვართ, თუმცა პასუხისმგებლობას არ გავურბივართ და ვეცდებით შემდეგ მატჩებში შედეგი გამოვასწოროთ''.

სავარაუდო სასტარტო შემადგენლობები:

მანჩესტერ სიტი: ედერსონი, უოლკერი, სტოუნსი, რუბენ დიასი, კანსელო, როდრი, გიუნდოგანი, სტერლინგი, ბერნარდო სილვა, ფოდენი, დე ბრუინი

დორტმუნდი: ჰიტცი, ჯანი, აკანჯი, ჰუმელსი, გერეირო, დელანი, ბელინგემი, დაუდი, აზარი, როისი, ჰოლანდი

ტრავმირებულები

მანჩესტერ სიტი: არავინ

დორტმუნდი: სანჩო, ზაგადუ, შმელცერი, ვიტსელი, მუკოკო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები