Aa
Aa

„ჩხუბის სანაცვლოდ 25 მილიონ დოლარზე უარი თქვა" - ტაისონისა და ჰოლიფილდის ბრძოლა არ გაიმართება

ლეგენდარული ამერიკელი მოკრივის, ევანდერ ჰოლიფილდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მაიკ ტაისონმა გარანტირებულ 25 მილიონ აშშ დოლარზე უარი თქვა და რინგზე გასვლას თავი აარიდა.

Boxingscene-ის ინფორმაციით, მხარეები მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებდნენ და ჰოლიფილდის გუნდმა „რკინის მაიკს“ რამდენიმე წინადადებით მიმართა, თუმცა არაფერი გამოუვიდა. ჩხუბი მაისის ბოლოს, „ჰარდ როქ სთედიუმზე“ უნდა გამართულიყო, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თითქმის გამორიცხულია ლეგენდების შერკინება ვიხილოთ.

Boxingscene-ს ჰოლიფილდის მენეჯერის, კრის ლოურენსის სიტყვებიც მოჰყავს, რომელიც მომხდარში ტაისონის წარმომადგენლებს ადანაშაულებს. „გვეგონა, რომ საქმე მოგვარებული იყო, მაგრამ ყველაფერი მალევე ჩაიშალა, როცა ტაისონის გუნდმა ყველა წინადადებაზე უარი გვითხრა. მთელი ამ დროის განმავლობაში მოლაპარაკებებს კეთილსინდისიერად ვაწარმოებდით, მაგრამ როგორც გაირკვა, უბრალოდ დროს ვკარგავდით“.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მაიკ ტაისონმა დაადასტურა, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ ერთხელ იჩხუბებს. „რკინის მაიკმა“ სამომავლო გეგმებზე თავის პოდკასტში, Hotboxin’-ში ისაუბრა და მომდევნო ბრძოლის თარიღად 29 ან 31 მაისი დაასახელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები