Aa Aa
28 ნოემბერი 2020  |  17:38

''დიდ საფეხბურთო ინტელექტს ავლენდა'' - იაშვილი გერმანიაში გაიხსენეს

საფეხბურთო კლუბ ''კარლსრუეს'' მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა ექს-თანაგუნდელი ალექსანდრე იაშვილი გაიხსენა. 38 წლის სპეციალისტმა მისი გუნდის სამხრეთკორეელი ფეხბურთელი ჩოი კიუნგ-როკი ქართველს შეადარა.

''ჩოი ''კარლსრუეში'' მესამე სეზონს ატარებს. მას წარსულში ტრავმები აწუხებდა, თუმცა ''კარლსრუეში'' პროგრესირებს. ის ძალიან შრომისმოყვარეა და ამ თვისებით ალექსანდრე იაშვილს მაგონებს, ქართველი საოცარი შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა და დიდი საფეხბურთო ინტელექტი ჰქონდა, რასაც მოედანზე ავლენდა''.

2007-09 წლებში აიხნერი და იაშვილი ''კარლსრუეში'' თანაგუნდელები იყვნენ.

იაშვილი, რომელიც ამჟამად სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტია, ''კარლსრუეში'' 2007-12 წლებში ასპარეზობდა. ყველაზე ტურნირზე ჩატარებულ 152 მატჩში 27 გოლი შეაგდო და 26 საგოლე გადაცემა შეასრულა.

2007-09 წლებში ''კარლსრუე'' ბუნდესლიგაში ასპარეზობდა, თუმცა 2008-09 წლების სეზონის მიწურულს რანგით მეორე ლიგაში დაქვეითდა. ''ფრაიბურგის'' მსგავსად იაშვილმა ''კარლსრუესაც'' უერთგულა და მეორე ბუნდესლიგაში ამ გუნდის მაისურით სამი სეზონი გაატარა. 2011-12 წლების სეზონში ''კარლსრუე'' რანგით მესამე ლიგაში გავარდა, რის შემდეგაც ''ფრაიბურგის'' ლეგენდამ კარიერა ''ბოხუმს'' დაუკავშირა.

აღნიშნული სამი გერმანული გუნდის გარდა ქართველი ფორვარდი კიდევ ერთ გერმანულ კლუბში, ''ლიუბეკში'' 1997 წელს ასპარეზობდა.

ალექსანდრე იაშვილის გერმანული კარიერის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვრცელი ინტერვიუ: ''იაშვილის გაბრწყინება, ერთგულება, დაცემა და აღზევება''

ფოტო: gettyimages

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში