Aa
Aa

ჩოგბურთელი, რომელიც მღერის - კორენტინ მუტე 8-ტრეკიან ალბომს უშვებს

მსოფლიო ჩოგბურთის ისტორიაში ბევრი არაა ისეთი მოთამაშე, რომელიც პროფესიონალური კარიერის პარალელურად მუსიკოსია და საკუთარ ალბომებზე აქტიურად მუშაობს.

ATP-ის რეიტინგის 71-ე ნომერი, კორენტინ მუტე „როლან გაროსის“ პირველ წრეში იტალიელ ლორენცო ჯიუსტინოსთან 6 საათსა და 5 წუთს გაგრძელებულ შეხვედრაში დამარცხდა. ეს საფრანგეთის ღია პირველობის 129-წლიან ისტორიაში ხანგრძლივობით მეორე მატჩია.

მუტემ გადამწყვეტი სეტი 16:18 წააგო, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაანონსა, რომ 2 ოქტომბერს გამოვა მისი ახალი ალბომი, რომელიც 8 სიმღერას მოიცავს.

21 წლის მუტემ აღნიშნული ფრანგულენოვანი ტრეკები კარანტინის პერიოდში შექმნა. ჩოგბურთელის მუსიკა რეპის ჟანრისაა, თუმცა კორენტინი ზოგ სიმღერაში პიანინოსაც იყენებს. აღსანიშნავია, რომ მუტე ტრეკებს თავად ასრულებს. მანვე შეასრულა გასულ კვირას გამოსული დენის შაპოვალოვის მიერ შექმნილი ტრეკი სახელად „დრიპი“. ჩოგბურთის პარალელურად მუსიკაში ძალებს კანადელი ჩოგბურთელიც ცდის, რომელსაც აქამდე რამდენიმე სინგლი აქვს გამოშვებული.


საინტერესოა, როგორ და რამდენად წარმატებულად განვითარდება კორენტინ მუტეს მუსიკალური კარიერა. სულაც არაა გამორიცხული, ის საჩოგბურთოზე უფრო წარმატებულიც გამოვიდეს, რადგან 21 წლის ასაკში ფრანგს ჯერ ATP-ის ტიტული არ მოუგია. იგი ამასთან ახლოს იანვარში იყო, როცა დოჰას ტურნირის ფინალში გავიდა, მაგრამ იქ ანდრეი რუბლიოვთან ორ სეტში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები