„საბერძნეთი ძალიან კარგი გუნდია, რთული მატჩი გველოდება“ | რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 26 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს შინ, საბერძნეთთან მატჩით განაახლებს, ხოლო 1 და 6 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიასა და გერმანიას დაუპირისპირდება. 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრებზე ისაუბრა. მას ლუკა ლაცაბიძე ახლდა.
„ვფიქრობ, საბერძნეთი ძალიან კარგი გუნდია, რაც ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა, განსაკუთრებით — ჩვენი ახლანდელი პირობების გათვალისწინებით. არ მინდა, დღეს მიმდინარე ციკლი შევაფასო, რადგან ჯერ არ დასრულებულა. ნაკრებში ყველა თამაში ძალიან საპასუხისმგებლოა და, გარდა ამისა, თეორიული შანსი ჯერ კიდევ არის.
ჩვენ საქმე ახალგაზრდა ფეხბურთელებთან გვაქვს და ნებისმიერი თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ნებისმიერ შეხვედრაში საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მოედანზე გავა იმისთვის, რომ დადებითი შედეგი დააფიქსიროს. ასე იყო, არის და იქნება!
რაც შეეხება მზადების პროცესს, სამწუხაროა დანაკლისები, რომლებიც გვაქვს. ერთი მხრივ, ეს სამწუხაროა, თუმცა, მეორე მხრივ, ეს დამატებითი შანსია იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც 21-წლამდე ნაკრებში თამაში შემდეგი წლიდან უწევთ. ასეთი ფეხბურთელი ძალიან ბევრია და ვეცადეთ, შემადგენლობა ისე დაგვებალანსებინა, რომ ეს შესარჩევი კარგად ჩავამთავროთ და შემდეგი ციკლისთვის მოვემზადოთ. საჭიროა, გვქონდეს შეთამაშების ხარისხი და გაგება იმისა, თუ რას ითხოვენ მწვრთნელები ფეხბურთელებისგან. ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი, რაც წელს და შარშან ამ თაობასთან მიმართებით გვქონდა, მცირე დრო გახლდათ, რის გამოც ეს ყველაფერი ვერ მოგვარდა.
ძალიან კარგია, მომავალი თაობის ფეხბურთელები ჩვენთან რომ არიან, რადგან ისინი ხვალინდელი ახალგაზრდული ნაკრების სახეს წარმოადგენენ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქცენტი მხოლოდ მათზე კეთდება. მათ უნდა დაამტკიცონ როგორც აქ, ისე კლუბში, რომ ამის ღირსნი არიან. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ქვეყნის მეორე გუნდია და კიდევ არიან ფეხბურთელები, რომლებიც დღეს აქ არ იმყოფებიან, მაგრამ დაკვირვების ქვეშ არიან.
რთულ თამაშს ველოდები ძალიან კარგ და მოტივირებულ გუნდთან. მათ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი რეალურად აქვთ, თუმცა ანალოგიურ მოტივაციას ველოდები ჩემი ფეხბურთელებისგანაც. სადღაც გამოგვივიდა, სადღაც არ გამოგვივიდა, მაგრამ მოტივაციის გარეშე მოედანზე არასდროს გავსულვართ.
რაც შეეხება ტაქტიკურ სქემას, გასაგები მიზეზების გამო მასზე დღეს არ ვილაპარაკებ, მაგრამ დანაკლისი ნამდვილად გვაქვს. გვაკლია ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენს სათამაშო სტილსა და ფილოსოფიას განაპირობებდნენ. რამდენიმე მონახაზზე ვფიქრობთ და ფეხბურთელები მათთვის მზად არიან“.
ლუკა ლაცაბიძე: „ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ძალიან დიდი გამოცდილება იყო. ჩემი გამოცდილებით ახალგაზრდა ფეხბურთელებს დავეხმარები. კარგი განწყობა გვაქვს და არ აქვს მნიშვნელობა, ვისთან ვთამაშობთ — ჩვენი მიზანი გამარჯვებაა და სანამ თეორიული შანსი არსებობს, ბოლომდე ვიბრძოლებთ“.
ცნობისთვის, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს 9 ქულა აქვს და პირველ-მეორე ადგილებზე მყოფ გერმანიასა და საბერძნეთს 9-9 ქულით ჩამორჩება.