„ერთხელ პოლიციელი ახალთახალი ბენტლით მოვისყიდე“ - ტაისონი ახალგაზრდობას იხსენებს
Aa
Aa

„ერთხელ პოლიციელი ახალთახალი ბენტლით მოვისყიდე“ - ტაისონი ახალგაზრდობას იხსენებს

მაიკ ტაისონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა, რომელიც მასსა და მის ყოფილ მეუღლეს, რობინ გივენსს გადახდათ. „რკინის მაიკი“ Complex-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ 21 წლის ასაკში პოლიციელისთვის ქრთამის სახით ახალთახალი ბენტლის მიცემა მოუწია.

„ერთხელ, მეგონა, რომ დამაპატიმრებდნენ, რა დროსაც პოლიციელს ჩემი ავტომობილი შევთავაზე და მას უარი არ უთქვამს. მაშინ ჩემი მეუღლე რობინ გივენსი გახლდათ და დაახლოებით 21 წლის ვიყავი.

ჩემპიონის ცხოვრებით ვცხოვრობდი და ძალიან სულელი ვიყავი, მაგრამ მეგონა, რომ ყველაფერი ვიცოდი. ერთხელ, Burger King-ში მივედი და რიგში ჩავდექი, რათა ჰამბურგერი მიმეღო. ამ დროს, ჩემმა მეუღლემ, რობინმა ჯიბეები შემიმოწმა და პრეზერვატივები აღმოაჩინა. მან Burger King გაბრაზებულმა დატოვა, თანაც ისე, რომ ვერაფრის ყიდვა ვერ მოვასწარი.

რობინი ჩვენს მანქანაში, ახალთახალ ბენტლიში ჩაჯდა, რომელიც იმ წელს იყო გამოშვებული და წინ მდგომ ავტომობილს დაეჯახა. პოლიციელები მალევე მოვიდნენ და შეკითხვების დასმა დამიწყეს. პანიკაში ჩავვარდი, დაპატიმრების შემეშინდა, ოფიცერს მივუახლოვდი და ჩემი მანქანა შევთავაზე. მისი პასუხი ასეთი გახლდათ: „ამას ნუ მეუბნები“. ამ სიტყვების შემდეგ მივხვდი, რომ დაინტერესებული იყო და ვუთხარი: „შენ ძალიან ბევრს მუშაობ და სიცოცხლეს რისკავ. უბრალოდ წაიყვანე ეს მანქანა“. პოლიციელმა ქრთამზე თანხმობა განაცხადა. მე და რობინი კი ტაქსით ნიუ-იორკში წავედით“.

შეგახსენებთ, რომ მაიკ ტაისონს რინგზე კიდევ ერთხელ 28 ნოემბერს ვიხილავთ და იგი საჩვენებელ ბრძოლაში როი ჯონს ჯუნიორს დაუპირისპირდება. ლეგენდარულმა მოკრივემ ხელთათმანები ლურსმანზე 2005 წელს ჩამოკიდა, მაგრამ ბოლო პერიოდში სისტემატურად ვარჯიშობს და შესანიშნავ ფორმაშიც იმყოფება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები