ტიტულის დაცვის მცდელობა - მეტოქე ბაუტისტა აგუტი
Aa
Aa

ტიტულის დაცვის მცდელობა - მეტოქე ბაუტისტა აგუტი

დღეს ცნობილი გახდა, რომ რეიტინგით საქართველოს პირველი და მსოფლიოს 33-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის 500 ქულიანი კატეგორიის ტურნირის ტიტულის დაცვას შეეცდება.

ჰამბურგის ტურნირის ძირითადი ბადის გათამაშება 21 სექტემბერს დაიწყება და ნიკოლოზი თავის პირველ შეხვედრას ესპანელი ბაუტისტა აგუტის წინააღმდეგ გამართავს. იმ შემთხვევაში თუ ბასილაშვილი გაიმარჯვებს, მერვედფინალში ის ნიშიოკასა და კოფერს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ნიკოლოზი და ბაუტისტა პირველად ერთმანეთს 2015 წელს "უიმბლდონზე" შეხვდნენ და ესპანელმა ქართველი 7:6 6:1 6:0 დაამარცხა. მეორედ ისინი 2017 წელს მონტე კარლოში დაუპირისპირდნენ. გამარჯვება ამჯერადაც აგუტს დარჩა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბასილაშვილმა ერთი სეტის მოგება მოახერხა. 1:6 6:3 7:5. უკანასკნელად კი ეს ჩოგბურთელები დუბაიში გადაეყარნენ ერთმანეთს. მერვედფინალურ დაპირისპირებაში ნიკოლოზმა მეტოქე სამ სეტში 6:7 6:4 6:3 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ჰამბურგის ტურნირი 2018 და 2019 წელს მოიგო. პირველად ფინალში მან ლეონარდო მაიერი დაამარცხა, ხოლო წინა წელს რუსი ანდრეი რუბლიოვი იმსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგში პირველ მატჩს 22 სექტემბერს გამართავს. დაპირისპირება თბილისის დროით 13:00-ზე არის ჩანიშნული.

CrystalSport ნიკოლოზ ბასილაშვილს წარმატებას და ტიტულის დაცვას უსურვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები