Aa
Aa

„არ ველოდი, რომ ასე კარგად ვითამაშებდი“ - რაფა კორტს გამარჯვებით დაუბრუნდა

მსოფლიოს მეორე ჩოგანი, რაფაელ ნადალი დაახლოებით 7-თვიანი პაუზის შემდეგ, კორტს დაუბრუნდა და რომის მასტერსის მეორე წრეში პაბლო კარენო-ბუსტა ორ სეტში, 6:1, 6:1 გაანადგურა.

რაფამ მატჩის შემდეგ მოკლე კომენტარიც გააკეთა და განაცხადა: „ბედნიერი ვარ ტურს რომ დავუბრუნდი. მაყურებლების გარეშე თამაში კარგი ნამდვილად არაა. განსაკუთრებით რომში, სადაც გულშემატკივრები ყოველთვის ძალიან ენერგიულები არიან.

შეხვედრას რაც შეეხება, ვფიქრობ, კარგი მატჩი ჩავატარე. პაბლო ალბათ აშშ-ის ღია პირველობაზე გამართული დაპირისპირებების შემდეგ გადაღლილი იყო, თუმცა ჩემთვის ეს იდეალური დასაწყისია. სტაბილურად ვიასპარეზე,  კარგ დარტყმებს ვახორციელებდი და ცოტა შეცდომა დავუშვი. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ ასე კარგად ვითამაშებდი“.

რაფაელ ნადალს 29 თებერვლის შემდეგ არ უასპარეზია. ესპანელი ჩოგბურთელი ბოლოს აკაპულკოს ტურნირზე გამოვიდა და გათამაშება ტრიუმფით დაასრულა. რომის მასტერსს რაც შეეხება, კარენო-ბუსტას დამარცხების შემდეგ, ნადალი მესამე წრეში მილოშ რაონიჩისა და დუშან ლაიოვიჩის მატჩის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები