Aa
Aa

ზედიზედ 24-ე! - ჯოკოვიჩმა და ფავორიტებმა US Open-ი წარმატებით დაიწყეს

ნიუ იორკში, ბილი ჯინ კინგის სახელობის საჩოგბურთო ცენტრში, ამერიკის ღია პირველობის 2020 წლის გათამაშება დაიწყო.

პირველსავე დღეს ვიხილეთ კორტზე მსოფლიო რეიტინგის ლიდერი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელმაც მიმდინარე სეზონში წაუგებელი სვლა გააგრძელა. სერბმა ვარსკვლავმა ბოსნიელ დამირ ჯუმჰურს 6:1; 6:4; 6:1 მოუგო და 2020 წელს ზედიზედ 24-ე შეხვედრაში გაიმარჯვა. „ნოლეს“ შემდეგი მეტოქე ბრიტანელი კაილ ედმუნდი იქნება.

შემდეგ წრეში ითამაშებენ ალექსანდრ ზვერევი, სტეფანოს ციციპასი, დავიდ გოფენი და დენის შაპოვალოვი. ზვერევმა კევინ ანდერსონს 4-სეტიან დაძაბულ ბრძოლაში აჯობა, ციციპასმა ალბერტ რამოსს იოლად მოუგო, გოფენმა გათამაშებიდან რეილი ოპელკა გამოთიშა, ხოლო შაპოვალოვმა ადგილობრივ სებასტიან კორდას 4 სეტში მოუგო.

პირველივე წრიდან გავარდა ადგილობრივთა მთავარი იმედი - ჯონ ისნერი. გიგანტმა ამერიკელმა თანამემამულე სტივ ჯონსონთან 5 სეტში წააგო. თანაც, ბოლო სეტი ტაიბრეიკზე დათმო.

ქალთა შორის მსოფლიოს მე-3 ჩოგანმა, კაროლინა პლიშკოვამ იოლი გამარჯვება მოიპოვა. ჩეხმა უკრაინელ ანჰელინა კალინინას მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო და შემდეგ წრეში ფრანგ კაროლინ გარსიაზე გავიდა.

3-სეტიანი ბრძოლა ჰქონდა თანამემამულე მისაკი დოისთან მსოფლიოს მე-9 ჩოგან ნაომი ოსაკას. US Open-ის 2018 წლის ჩემპიონმა პირველი და მესამე სეტები 6:2 მოიგო და მომდევნო რაუნდში იტალიელ კამილა ჯორჯის შეხვდება.

იოლად გაიმარჯვა პეტრა კვიტოვამ, რომელმაც ირინა ბეგუსთან ორივე სეტი დამაჯერებლად ჩაატარა და თამაში 6:3; 6:2-ით დაასრულა. ასევე ორ სეტი დასჭირდა მეტოქის დასამარცხებლად ანგელიკ კერბერს, რომელმაც ტურნირიდან აილა ტომლიანოვიჩი გამოთიშა.

დღის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი ადგილობრივ თინეიჯერ კოკო გაუფსა და ლატვიელ ანასტასია სევასტოვას შორის გაიმართა. პირველი პარტია სევასტოვამ 6:3 აიღო, რასაც დაძაბული მეორე სეტის შედეგად გაუფის მხრიდან ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა. გადამწყვეტ პარტიაში უფრო მეტად სევასტოვას გაუმართლა და უბრეიკოდ მიმდინარე სეტის მე-10 გეიმში შესრულებული ბრეიკით თამაშიც თავის სასარგებლოდ დაასრულა - 6:3; 5:7; 6:4.

US Open-ის პირველი წრე დღეიდან გაგრძელდება და დანარჩენი შეხვედრები ჩატარდება. გვიან ღამით კორტზე ნიკოლოზ ბასილაშვილსაც ვიხილავთ. ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც ტურნირზე 22-ე ნომრადაა განთესილი, კარგ ფორმაში მყოფ ავსტრალიელ ჯონ მილმანს შეხვდება. მატჩის ფავორიტად მილმანი მოიაზრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები