Aa Aa
8 აგვისტო 2020  |  18:44

იუვენტუსი პოჩეტინოს დაუკავშირდა - ვინ შეცვლის სარის?

ტურინის ''იუვენტუსიდან'' წასული მაურიციო სარი შესაძლოა არგენტინელმა მაურისიო პოჩეტინომ შეცვალოს. Dailymail-ის ცნობით იტალიის ჩემპიონი არგენტინელ სპეციალისტს უკვე დაუკავშირდა. ''იუვენტუსის'' წარმომადგენლებმა ''ტოტენჰემის'' ექს-თავკაცთან საუბრისას თანამშრომლობის სურვილი გამოხატეს. ამ ეტაპზე საუბრის კონკრეტული დეტალები უცნობია.

38 წლის სამხრეთამერიკელმა 2014-19 წლებში ლონდონის ''ტოტენჰემში'' წარმატებით იმუშავა. გასული წლის მიწურულს პოჩეტინომ პოსტი დატოვა და მას შემდეგ უმუშევარია. მსოფლიო ფეხბურთში არგენტინელი სპეციალისტი მოთხოვნადი კადრია. 

''იუვენტუსის'' მმართველის ანდრეა ანიელის მთავარი მიზანი უცვლელი რჩება. მას სურს ''იუვენტუსმა'' ჩემპიონთა ლიგა მოიგოს. სწორედ ჩემპიონთა ლიგაზე მარცხის გამო დატოვა პოსტი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ.

პოჩეტინო ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან 2018-19 წლების სეზონში ახლოს იყო, თუმცა მისმა გაწვრთნილმა ''ტოტენჰემმა'' ფინალში ''ლივერპულთან'' ვერაფერი გააწყო. 

ანდრეა ანიელის ფავორიტი სპეციალისტი ზინედინ ზიდანია, თუმცა ის გასული წლიდან მოყოლებული ''რეალში'' მუშაობს და რთული წარმოსადგენია ფრანგმა ''სამეფო კლუბზე'' უარი თქვას.

Sky Sport Italia-სა და La Gazzetta dello Sport-ის ცნობით ''იუვენტუსის'' მთავარ მწვრთნელად შესაძლოა სიმონე ინძაგი ვიხილოთ, რომელიც 2016 წლიდან რომის ''ლაციოს'' წვრთნის. მან რომაულ კლუბს იტალიის თასი ერთხელ და იტალიის სუპერთასი ორჯერ მოაგებინა. ყველა ტურნირის ჩათვლით ინძაგიმ ''ლაციოს'' 204 შეხვედრაში უხელმძღვანელა: 111 მოგება, 36 ფრე, 57 მარცხი.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში