Aa
Aa

"გუნდი დააღალატა", - სიმართლე არტურის ტრანსფერზე | ფულის გამო წასულა...

არტურ მელოს „ბარსელონადან“ „იუვენტუსში“ გადასვლამ პრესაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ბევრი მიიჩნევდა, რომ კატალონიელებმა 23 წლის ბრაზილიელის 30 წლის პიანიჩში გაცვლით შეცდომა დაუშვეს, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად აღმოჩნდა - წასვლა თავად ფეხბურთელმა მოისურვა.

„ბარსას“ პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ პრესასთან ამ თემის შესახებ პირველად ისაუბრა და განაცხადა, რომ არტურმა კლუბი ფულის გამო დატოვა.

„გუნდიდან წასვლის ინიციატივა თავად არტურმა გამოიჩინა. ჩვენ მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას ვაპირებდით, თუმცა ეკონომიკური სიტუაციის გაუარესების გამო მან ხელფასის გასამმაგების შანსი ხელიდან გაუშვა. გვითხრა, რომ „იუვენტუსიდან“ კარგი წინადადება ჰქონდა, რის შემდეგაც აღმოვაჩინეთ, რომ ტურინელთა რიგებიდან ჩვენთან თამაშის სურვილს პიანიჩი გამოთქვამდა.

არტურმა უდისციპლინობა გამოავლინა. შეთანხმება ითვალისწინებდა, რომ მას ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ეთამაშა, თუმცა გამოცხადება არ ისურვა და გუნდი დააღალატა. აბიდალს დაურეკა და უთხრა, რომ მისი ბარსელონური დრო დასრულებულია. ჩემი აზრით, ის უბრალოდ ბრაზილიაში გაემგზავრა და არდადეგები გაიხანგრძლივა.

თავიდან ასე არ გვქონდა გათვლილი, ჩვენი გეგმა არტურთან ახალი კონტრაქტის დადება იყო. პიანიჩი? ეკონომიკურად კარგი ოპერაცია განვახორციელეთ, სპორტული კუთხე კი მალე გამოჩნდება“.

პანდემიის გამო „ბლაუგრანამ“ ფეხბურთელებს ხელფასები 70%-ით შეუმცირა. მათი ხელშეკრულებების გაუმჯობესებაზე კი ამ ეტაპზე საუბარიც ზედმეტია, რადგან ევროპაში ყველა გუნდი ფინანსურ ზარალს ებრძვის.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ არტურის სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით ჯამში 82 მილიონ ევროს მიიღებს. „იუვენტუსი“ კი პიანიჩში 60 მილიონს გამოიმუშავებს.

P.S. ბრაზილიელებისა და ფულის სიყვარულის შესახებ რამდენიმე კვირის წინ, ლეგენდარულმა ჟუნინიო პერნამბუკანომ ისაუბრა, რომლის განცხადებას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები