Aa
Aa

პალერმოდან გვანჯოუმდე - WTA-მ კალენდარი გამოაქვეყნა

ქალთა საჩოგბურთო ასოციაცია WTA-მ სეზონის დარჩენილი ნაწილის კალენდარი გამოაქვეყნა. ტურნირები ევროპაში, აშშ-სა და აზიაშია ჩანიშნული.

პანდემიის შემდეგ პირველი გათამაშება პალერმოში ჩატარდება, რის შემდეგაც ჩოგბურთელები ნიუ იორკში გადაინაცვლებენ, სადაც ჯერ ცინცინატის მასტერსზე ითამაშებენ, შემდეგ კი ამერიკის ღია პირველობა დაიწყება.

US Open-ის დასრულებიდან მხოლოდ ორ კვირაში, 27 სექტემბრიდან, დიდი სლემის კიდევ ერთი ტურნირი, „როლან გაროსია“ ჩანიშნული. აღსანიშნავია, რომ ორივე ამ ტურნირის მეორე კვირიდან პარალელურად WTA-ს სხვა ტურნირები დაიწყება, რაც აქამდე უჩვეული ფაქტი გახლდათ.

რაც შეეხება აზიურ ტურს, მისი დაწყება ოქტომბრიდან დაიგეგმა, თუმცა აზიაში მატჩების გამართვა ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. მაგალითად, ერთ-ერთი ტურნირის მასპინძელი ქალაქი უჰანი უნდა იყოს.

WTA-ს კალენდარში ბოლო ტურნირად გვანჯოუს გათამაშებაა მოხსენიებული, რომელიც ნოემბერში იგეგმება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონკრეტულ მომენტში ბევრი რამ ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ ITF-მა ოფიციალურად ორი დღის წინ გამოაცხადა, რომ ქალთა ჩოგბურთი - 3 აგვისტოდან განახლდება, ხოლო მამაკაცებს კორტზე 17 აგვისტოდან ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები