Aa
Aa

"საჩოგბურთო ხალისი და მხიარულება არასდროს დაკარგოთ" - ფედერერმა ნადალის აკადემიის ბავშვებს მიმართა

რაფა ნადალის აკადემიამ თავის დამწყებ ჩოგბურთელებს გუშინ სიურპრიზი მოუწყო და როჯერ ფედერერის სპეციალური ვიდეომიმართვა მოასმენინა. „მაესტრო“ ბავშვებს იმ სირთულეებსა და ფასეულობებზე ესაუბრა, რაც დიდ ჩოგბურთში მოხვედრას ახლავს.

„მოგესალმებით ყველას, რაფა ნადალის აკადემიაში. ყველამ, ვინც ჩოგბურთს პროფესიონალურად თამაშობს, იცის, რომ მუხლჩაუხრელად უნდა იშრომოს, ასევე არასდროს დაგავიწყდეთ, რომ ხალისი და მხიარულება შეინარჩუნოთ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია.

რაფას და მე არასდროს დაგვიკარგავს ვნება იმის მიმართ, რასაც ამდენი წელია ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, თქვენ შემთხვევაშიც იქნება რთული დღეები, მაგრამ მათ შემდეგ მზე აუცილებლად გამოანათებს. უბრალოდ, დაუღალავი შრომის გჯეროდეთ.

საჩოგბურთო ოცნება ძალას არასდროს კარგავს, დარწმუნებული ვარ,  თქვენს აკადემიაში შესანიშნავ ცოდნას იღებთ, ასევე იმედი მაქვს, რომ რაფასგანაც ბევრი ისწავლეთ, ის მრავალ სხვადასხვა ასპექტში დიდი ჩემპიონია. იგი ძალიან თავმდაბალია და თქვენ სხვების მიმართ მუდამ კეთილგანწყობილი უნდა იყოთ.

იმედი მაქვს, თქვენს საყვარელ საქმეს გააგრძელებთ და სასიამოვნო და წარმატებული კარიერა გექნებათ, შემდეგ კი აკადემიაში გატარებული დღეები თქვენი ცხოვრების საუკეთესო დღეთა შორის მოგაგონდებათ.

მსურს, ყველაფერი საუკეთესო გისურვოთ და რაფასა და მის ოჯახს მივესალმო. ეს საზეიმო დღეა და იმედი მაქვს, თქვენ ყველა მხიარულად ხართ“.

რაფა ნადალის საჩოგბურთო აკადემია ბალეარის კუნძულებზე, კერძოდ მანაკორში მდებარეობს. სააგენტო „როიტერის“ დაზუსტებული ინფორმაციით, წლიური გადასახადი 56 000 ევროა, რაშიც სასკოლო გაკვეთილები და მრავალფეროვანი საჩოგბურთო ვარჯიშები შედის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები