Aa
Aa

"ფეხებში ვურტყამდი, მაგრამ აქეთ მამხნევებდა" - სულაქველიძე მარადონასთან თამაშზე

თბილისის ''დინამოს'' ლეგენდარულმა ფეხბურთელმა თენგიზ სულაქველიძემ ტელეკომპანია ''არგოს'' ეთერში ალეკო კაკაურიძესთან საუბარში კარიერის გამორჩეული ეპიზოდები გაიხსენა.

სულაქველიძემ დიეგო მარადონას წინააღმდეგ ორჯერ ითამაშა, პირველად 1982 წელს ''მონუმენტალზე,'' როცა ამხანაგური შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. მეორედ 1988 წელს ბერლინში, ამჯერად საბჭოთა კავშირის გუნდმა 4:2 მოიგო, ესეც ამხანაგური შეხვედრა იყო და დიეგომ 1 გოლი გაიტანა.

''როცა მწვრთნელმა მითხრა, რომ მარადონასთან პერსონალურად უნდა მეთამაშა, ვიფიქრე მას ჩემი გუნდიდან გაშვება სურდა. ვფიქრობ ნორმალურად ვითამაშე, რადგან შემდეგ საბჭოთა კავშირის ნაკრებში კიდევ რამდენიმე წელი ვითამაშე. მწვრთნელებმა ჩათვალეს, რომ კარგად გამოვედი, მაგრამ მარადონას დაჭერა შეუძლებელი იყო, ხელს თუ შეუშლიდი, მაგრამ დაჭერა? ეს არავის შეეძლო.

დიეგო მოედანზე ძალიან კორექტული იყო, პირიქით მე მამხნევებდა. ზოგჯერ როცა ფეხბურთელს ურტყამ, კორექტულად არ იქცევიან, თუმცა დიეგო ყველანაირად მომზადებული იყო. გამხნევების ნიშნად ხელს მომარტყამდა ხოლმე.''

სულაქველიძემ ხუმრობით აღნიშნა, რომ მარადონას წინააღმდეგ თამაში ყველაზე მეტად ვეტერანთა შეხვედრაში გაუადვილდა, როცა მარადონა თბილისს ესტუმრა.

''მარადონას გარდა ძალიან გამიჭირდა ელკიარ ლარსენთან თამაში, მას მთელი საბჭოთა კავშირის ნაკრები დავსდევდით და ვერ დავიჭირეთ.''

თენგიზ სულაქველიძემ 80-იანი წლების ის პერიოდი გაიხსენა, როცა თბილისის ''დინამოს'' რეგრესი დაიწყო. მისი აზრით ახალმა მოთამაშეებმა წასული ფეხბურთელები სათანადოდ ვერ შეცვალეს.

''ნოდარ ახალკაცი ობიექტური იყო, შრომას არ დაგივიწყდებდა. თუ ღირსი იყავი, სასტარტოში გათამაშებდა. ეს იყო მისი მთავარი პლუსი და ამიტომაც აჩვენა ''დინამომ'' დიდი შედეგი.

ნიჭიერი ადამიანი ყველა დროში მოახერხებს წარმატებულად გამოსვლას. ასე რომ ჩივაძე, შენგელია, ყიფიანი თუ გუცაევი დღეს ევროპაში წარმატებით ითამაშებდნენ.

დიუსელდორფში დიდი გამარჯვების შემდეგ მომდევნო წლებში ''დინამოს'' რეგრესი დაიწყო, ვიტალი გარდაიცვალა და ახალმა ფეხბურთელებმა გუნდიდან წასული მოთამაშეები ვერ შეცვალეს. შესაძლოა, ეს ვინმეს ეწყინოს, მაგრამ ეს ფაქტია. ნიჭიერი ბიჭები იყვნენ, მაგრამ გუნდიდან წასული მოთამაშეები ვერ შეცვალეს.''

სულაქველიძის აზრით 1982 წლის მუნდიალზე სამი მაღალი დონის მწვრთნელის სსრკ-ს ნაკრებში მუშაობა შეცდომა იყო.

''1982 წლის მუნდიალზე დიდი შეცდომა იყო სამი მაღალი დონის მწვრთნელის ერთად ყოფნა, ვგულისხმობ ბესკოვს, ახალკაცს და ლობანოვსკის. შეცდომად ვთვლი, რომ ნაკრებს მიღმა ყიფიანი და გუცაევი დარჩნენ. გუცაევის არწამოყვანა დანაშაული იყო, გუცაევი რომ გვყოლოდა პოლონეთის ნაკრებს მოვუგებდით და ნახევარფინალში გავიდოდით.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები