შოთა არველაძე: "ნიკას არ ვიცნობ პირადად, მაგრამ, მინდა ამ რთულ მომენტში, მხარდაჭერა გამოვუცხადო"
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა შოთა არველაძემ ნიკოლოზ ბასილაშვილს თანადგომა გამოუცხადა. ტაშკენტის ''ფახთაქორის'' ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა ბასილაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა:
''ჩემი ბუნებით, ხასიათით და პრინციპებით, ყოველთვის, ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ - განსაკუთრებით ქალების მიმართ, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ალამაზებენ. ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალიან დიდი, მოქმედი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც პირადად მე და მის ათასობით გულშემატკივარს, არაერთხელ მოგვცა სიამაყის საფუძველი. არ ვიცნობ პირადად, მაგრამ, მინდა ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო.''
ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის ცემის ბრალდებით დააკავეს და დღეს, 24 მაისს გირაოს სახით 100 000 ლარის გადახდის შემდეგ გაანთავისუფლეს.
ამჟამად, საქმე ძიების პროცესშია და ჯერჯერობით არაფერი დამტკიცებულა. ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ სოციალურ ქსელში ჩოგბურთელის პირველი კომენტარი გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. ვგრძნობ თქვენს ყოველწამიერ მხარდაჭერას და სიყვარულს, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ.
რაც შეეხება, 22 მაისს, განვითარებულ მოვლენებს, ვიმედოვნებ ყველა დეტალი გაირკვევა, ახლა უკვე სასამართლოში და დადგება სამართლიანი განაჩენი, მანამდე კი, არ მსურს ვისაუბრო ჩემს პირად სივრცეზე. არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა. ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე, ჩემი მიზანია ცხოვრების ამ რთულ ეტაბზე დავიცვა ჩემი სიმართლე ისე, რომ არ დაზიანდეს ლუკასის ინტერესები. სწორედ ჩემ შვილთან, განსაკუთრებული დამოკიდებულება ვალდებულს მხდის, არ ვუპასუხო უსაფუძვლო ბრალდებებს, თუმცა მჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში, ჩემი იურისტების დახმარებით აუცილებლად დავამტკცებ”.