Aa
Aa

მოია: "2:0-ზე ვიფიქრე, რაფა თამაშს იოლად დაამთავრებდა, თუმცა მედვედევმა ტაქტიკა შეცვალა და"...

ახალი თაობის მამაკაც ჩოგბურთელებში ერთ-ერთი გამორჩეული დანილ მედვედევია, რომელმაც გასულ წელს US Open-ის ფინალში რაფა ნადალის წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა. იმ ფინალისა და 24 წლის რუსის საჩოგბურთო სტილზე ლეგენდარულმა კარლოს მოიამ ისაუბრა, რომელიც ნადალის სამწვრთნელო შტაბში მუშაობს.

„ის კედელივითაა და ბრწყინვალე ფიზიკურ მონაცემებს ფლობს. თანაც, თამაშის სხვადასხვა ასპექტებს ძალიან კარგად ეწყობა და მასთან კორტზე დომინირება რთული საქმეა.

ვფიქრობ, დანილის დასამარცხებლად მხოლოდ შემტევი თამაში და „ვინერსების“ გაკეთების ცდა არ კმარა, მასთან ტემპი უნდა ცვალო, ხან მაღალი და ხან დაბალი ბურთებით ითამაშო. ერთი სიტყვით, იდეალური მიქსი უნდა მოძებნო, სხვა შემთხვევაში, მასთან გამარჯვება ურთულესი ხდება.

სიმართლე გითხრათ, როცა რაფამ ფინალში პირველი ორი სეტი მოიგო, ვიფიქრე, რომ ტიტულის მოგება აღარ გაუჭირდებოდა, მაგრამ ამის შემდეგ დანილმა ტაქტიკა შეცვალა და ქულების მოგება მოკლე გათამაშებებით სცადა, რამაც კარგად იმუშავა.

არ დაგვავიწყდეს, რომ იგი დიდი სლემის ტურნირის ფინალში პირველად თამაშობდა და ხვდებოდა ნადალს, რომელსაც ასეთ დონეზე ასპარეზობის კოლოსალური გამოცდილება აქვს. ჩემი აზრით, გამოცდილება ძალიან ბევრს ნიშნავს. ამ ყველაფრის მიუხედავად, დანილმა საკუთარი თამაშის მიმდინარეობაში გარდატეხა შეიტანა და რაფას უამრავი პრობლემა შეუქმნა“.

US Open-ის ფინალში ნადალმა მედვედევი 5 სეტიან უმძიმეს ბრძოლაში - 7:5; 6:3; 5:7; 4:6; 6:4 დაამარცხა. ახალგაზრდა რუსს, რომელიც ამჟამად მსოფლიოს მე-5 ჩოგანია, კარიერაში ATP-ს 7 ტიტული აქვს მოგებული, მათგან ორი მასტერსის სერიისაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები