მელო VS კიელინი: ''მას თავი ჩავარტყი, სკანდალი ბევრი წიგნის გაყიდვისთვის ატეხა''
Aa
Aa

მელო VS კიელინი: ''მას თავი ჩავარტყი, სკანდალი ბევრი წიგნის გაყიდვისთვის ატეხა''

ჯორჯო კიელინისა და ფელიპე მელოს დაპირისპირება მედიაში გრძელდება. ყველაფერი გასულ კვირაში დაიწყო, როცა კიელინიმ ავტობიოგრაფიული წიგნიდან რამდენიმე ნაწყვეტი გაასაჯაროვა. მათ შორის ერთი ფელიპე მელოს ეხებოდა: ''ფელიპე მელო ყველაზე ცუდი პიროვნებაა. მას ყოველთვის ჰქონდა გუნდში დაძაბულობის და კონფლიქტის შეტანის სურვილი, რის შესახებაც კლუბს ვაცნობე. ასეთ ადამიანებს პატივს არ ვცემ.''

2009-11 წლებში მელო და კიელინი ''იუვენტუსში'' თანაგუნდელები იყვნენ. ბრაზილიელი ტურინული კლუბიდან ''გალათასარაიში'' გადაბარგდა, 2015 წელს კი სერია ა-ს დაუბრუნდა და მილანის ''ინტერისთვის'' ითამაშა. 2017 წელს მელომ ''ინტერი'' დატოვა და მას შემდეგ ბრაზილიური ''პალმეირასის'' ღირსებას იცავს.

მელომ კიელინის კიდევ ერთხელ ''ინსტაგრამლაივში'' უპასუხა.

''შეშლილ კიელინის ჩემთან მიმართებაში მხოლოდ ერთი პრობლემა ჰქონდა, ''სიენასთან'' მატჩში თავი ჩავარტყი. მას შემდეგ არ გვისაუბრია და შემდეგ წიგნი დაწერა. ვთქვი, რისი თქმაც მჭირდებოდა. ''იუვენტუსში'' უამრავი რამ მოხდა და შემიძლია ათასობით წიგნი დავწერო ბევრად მნიშვნელოვან თემებზე.

კიელინის ჩემთვის ბოდიში არ მოუხდია, თუმცა მისმა სიტყვებმა ბევრ ადამიანს წიგნის შეძენის სურვილი გაუჩინა. სკანდალი ბევრი წიგნის გაყიდვისთვის ატეხა.

მას შეეძლო ''ინტერის'' დიდებული მოთამაშისთვის, ამჟამად კი კლუბის ვიცე-პრეზიდენტისთვოს, ხავიერ ძანეტისთვის მიებაძა, რომელიც თავის წიგნში ''იუვენტუსის'' შესახებ არაფერს წერს. 

ყველაფრის გარდა, წიგნის გამოცემისთვის არასწორი დრო შეარჩია, რადგან დღეს ჩვენს გარშემო ადამიანები იღუპებიან.

ბავშვობიდან მოყოლებული ჩემი ოცნების კლუბი მილანის ''ინტერი'' იყო, თუმცა ''იუვენტუსის'' დატოვების შემდეგ კარიერა ''გალათასარაიში'' გავაგრძელე, სადაც შესანიშნავი ისტორია დავწერე, ქომაგთა კერპი ვიყავი.

თურქეთიდან ''ინტერში'' წასვლა გულით გადავწყვიტე და ხელფასის 50 პროცენტით შემცირებას დავთანხმდი. ''ინტერი'' ადრეც მიწვევდა, მათ შორის მაშინაც, როცა გუნდს ჟოზე მოურინიო წვრთნიდა, მაგრამ სამწუხაროდ, ''ფიორენტინადან'' ''იუვენტუსში'' წავედი.

ცუდ კონტექსტში ''იუვენტუსის'' შესახებ არასდროს მისაუბრია, მაგრამ მილანურ დერბიში გამარჯვება ყველაზე ამაღელვებელი მომენტი იყო.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები