Aa
Aa

ფერერო ზვერევზე: "3-საათიანი ვარჯიშიდან მხოლოდ საათ-ნახევარი ვარჯიშობდა"

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ხუან კარლოს ფერერო ალექსანდრ ზვერევის შესახებ საუბრობს. ესპანელი ზვერევს 2017-18 წლებში წვრთნიდა და საკუთარი გამოცდილებით, იმ მიზეზებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელთა გამოც საშა ჯერ სტაბილურად მაღალი დონის ჩოგბურთელად ვერ ჩამოყალიბდა.

„იმისთვის, რომ ფედერერს, ნადალს და ჯოკოვიჩს აჯობონ, ზვერევი და დანარჩენი ახალგაზრდები კორტს მიღმა უნდა განვითარდნენ: კვებიდან დაწყებული ფიტნესით დამთავრებული.

ზვერევს 8 თვის განმავლობაში ვწვრთნიდი და შევამჩნიე, რომ იგი მატჩის მიმდინარეობისას ხშირად უკლებდა. მაგალითად, მეოთხე და მეხუთე სეტში ისევე თამაში აღარ შეეძლო, როგორც ამას საწყის პარტიებში აკეთებდა. ჩემი აზრით, მას აქამდე დიდი სლემის ტურნირი სწორედ ამიტომ არ მოუგია.

როცა ახალგაზრდულ ასაკში დიდ ფულს გამოიმუშავებ, ამან შეიძლება ცუდად იმოქმედოს. ჩოგბურთელის კარიერაზე გარემოცვა დიდ გავლენას ახდენს. დღევანდელი ახალგაზრდები სატელეფონო ზარებს, სოციალურ ქსელებსა და ახალ მეგობრებს დიდ ყურადღებას უთმობენ. „ინსტაგრამზე“ სისულელეებს აკეთებენ, ჩვენ დროს კი სულ სხვანაირად იყო.

მაგალითისთვის ისევ ზვერევი ავიღოთ, საწვრთნელი პროცესისთვის გამოყოფილი 3 საათიდან ხარისხიანად მხოლოდ საათ-ნახევარი თუ ვარჯიშობდა, დანარჩენი დრო კი პროტესტში, შეჩერებებში, გაბრაზებაში, ჩოგნის გატეხვასა და ასეთ რაღაცებში გადიოდა“.

ხუან კარლოს ფერერო 2003 წლის როლან გაროსის გამარჯვებულია. იგი ამჟამად 16 წლის ესპანელ კარლოს ალკარასს წვრთნის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები