პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარი და დისტანცია - როგორია კრივი ნიკარაგუაში
Aa
Aa

პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარი და დისტანცია - როგორია კრივი ნიკარაგუაში

კორონავირუსის პანდემიის გამო, სპორტულმა სამყარომ იძულებითი პაუზა აიღო, თუმცა ნიკარაგუა გამონაკლისია. საფეხბურთო ჩემპიონატის გარდა ნიკარაგუელ ქომაგებს კრივის ხილვის საშუალებაც მიეცათ.

მანაგუაში მდებარე ალექსის არგუელოს სახელობის სპორტულ ცენტრში გაიმართა ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც 8 ორთაბრძოლა ჩატარდა. მთავარ ჯახში ერთმანეთს საშუალო წონით დივიზიონში მოასპარეზე რამირო ბლანკო და რობინ ზამორა დაუპირისპირდნენ.

რინგზე გასვლამდე მოკრივეები პირბადეებს ატარებდნენ. რინგზე ასვლისას კი, მათ სადეზინფექციო ხსნარი შეასხეს.

ღონისძიებას მაყურებლებიც დაესწრნენ. ორგანიზატორებმა მათ შენობაში შესვლამდე ტემპერატურა გაუზომეს, სადეზინფექციო ხსნარი შეასხეს და დისტანციის დაცვა მოსთხოვეს, რის გამოც, ქომაგები ტრიბუნებზე ერთმანეთისგან 1 მეტრის მოშორებით ისხდნენ.

აღსანიშნავია, რომ რინგის გოგონებიც პირბადეებს ატარებდნენ.

პრომოუტერმა და ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა, რიკარდო ალვარესმა განაცხადა, რომ მან ღონისძიება მოკრივეების დასახმარებლად გამართა: „ნიკარაგუა ღარიბი ქვეყანაა და მოკრივეებს საჭმლის ფული სჭირდებათ. ისინი სახლში ვერ გაჩერდებიან. აქ, ნიკარაგუაში კარანტინი არ არსებობს. მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ უდიდესი სამუშაო გასწიეს, რათა კორონავირუსის პანდემიამ ქვეყანას დაღი არ დაასვას. გაგვიმართლა, რომ COVID-19-ით ინფიცირების მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული“.

შეგახსენებთ, რომ ნიკარაგუაში საფეხბურთო ჩემპიონატის გარდა, ბეისბოლიც გრძელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები