„ის მილიონერია, მე კი, პრობლემები მაქვს“ - მოკრივე, რომელთან გამარჯვებასაც ფიური არ იმსახურებდა
Aa
Aa

„ის მილიონერია, მე კი, პრობლემები მაქვს“ - მოკრივე, რომელთან გამარჯვებასაც ფიური არ იმსახურებდა

WBC-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელს, ტაისონ ფიურის აქვს ის, რაც მას ენტონი ჯოშუასგან და დეონტეი უაილდერისგან გამოარჩევს. „ბოშათა მეფე“ არასდროს დამარცხებულა! მის ანგარიშზე 30 გამარჯვება და ერთი ფრეა, თუმცა ფიურის კარიერაში იყო ბრძოლა, რომელმაც უამრავი კითხვა გააჩინა.

2009 წლის 11 სექტემბერს ფიური, ინგლისის საჩემპიონო ქამრისთვის, ჯონ მაკდერმოტს დაუპირისპირდა. ბევრის აზრით, ესექსში გამართული შერკინება მაკდერმოტმა მოიგო, მაგრამ რეფერიმ გამარჯვებულად „ბოშათა მეფე“ გამოაცხადა. გასათვალისწინებელია, რომ ამ ბრძოლას მსაჯები არ ჰყოლია და გადაწყვეტილება რეფერიმ, ტერი ოკონერმა (რინგზე მყოფმა არბიტრმა) მიიღო.

მაკდერმოტს ყველაფერი კარგად ახსოვს და თვლის, რომ გამარჯვება წაართვეს: „ტაისონ ფიური დავამარცხე! რა თქმა უნდა რეფერის გადაწყვეტილება ჩემში დღემდე გაბრაზებას იწვევს. არ ვამბობ, რომ მსოფლიო ჩემპიონი გავხდებოდი, მაგრამ იმ ბრძოლის მოგება ძალიან დამეხმარებოდა. გამარჯვების შედეგად გარკვეული თანხის მიღება, მაშინ, როცა კრივში დიდი ფული არ იყო, ცუდი ნამდვილად არ იქნებოდა. ფიური ახლა მილიონერია, მე კი, პრობლემები მაქვს“.

მაკდერმოტის თქმით, მის პოზიციას ფიურის მამაც იზიარებს: „ბრძოლის შემდეგ, სახლში წასასვლელად ვემზადებოდი და ის-ის იყო მანქანაში უნდა ჩავმჯდარიყავი, რომ ჩემთან ფიურის მამა მოვიდა და მითხრა: „დღეს შენ გაიმარჯვე“.

მაკდერმოტის განცხადება მისმა მაშინდელმა მწვრთნელმა, სი ჯეი ჰუსეინმაც დაადასტურა: „ფიურის მამა ჩემთან მოვიდა და მითხრა: „დღეს ჩემს ბიჭს გამარჯვება არ დაუმსახურებია. მას ძალიან გაუმართლა“.

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს ფიურიმ და მაკდერმოტმა მატჩრევანში გამართეს და რიგით მეორე ბრძოლაში „ბოშათა მეფემ“ მეცხრე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები