ტონი VS ხაბიბი - დაწყევლილი ორთაბრძოლა და რუსეთში ჩარჩენილი „არწივი“
Aa
Aa

ტონი VS ხაბიბი - დაწყევლილი ორთაბრძოლა და რუსეთში ჩარჩენილი „არწივი“

ტონი ფერგიუსონისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის ორთაბრძოლა გადადების პირასაა. ამჯერად მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. როგორც იცით, „არწივი“ რუსეთში იმყოფება და გამომდინარე იქიდან, რომ საზღვრები ჩაკეტილია, ქვეყნის დატოვებასა და აშშ-ში გამგზავრებას ვერ ახერხებს.

ნურმაგომედოვმა „ინსტაგრამის“ მეშვეობით გულშემატკივრებს შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ახსნა რუსეთში როგორ აღმოჩნდა და განაცხადა, რომ UFC ტონი ფერგიუსონისთვის სხვა მეტოქეს ეძებს.

„დაახლოებით 10 დღის განმავლობაში კალიფორნიაში ვიმყოფებოდი და ბრძოლისთვის ვემზადებოდი, თუმცა წარმოდგენა არ მქონდა სად, როდის ან რა ფორმატით ვიჩხუბებდი. არც ის ვიცოდი ბრძოლას გულშემატკივრები დაესწრებოდნენ თუ არა. მოკლედ ძალიან ბევრი კითხვა მქონდა.

გარკვეული დროის შემდეგ, UFC-მ შემატყობინა, რომ ბრძოლა აშშ-ში არ გაიმართებოდა და ღონისძიებას 99 პროცენტით აბუ-დაბიში გადაიტანდნენ. UFC-სთან მოლაპარაკებების შემდეგ, ბრძოლამდე ერთი თვით ადრე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გავემგზავრეთ. იქ ჩასვლისას გვითხრეს, რომ საზღვრები დაკეტილი იყო და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყანაში შესვლის უფლება არ ჰქონდა. შესაბამისად იძულებულნი გავხდით რუსეთში წავსულიყავით.

ამჟამად დაღესტანში ვიმყოფები და ყოველდღიურად ვვარჯიშობ და ვემზადები, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს რისთვის. რომელ ბრძოლაზეა საუბარი? რუსეთში ჩამოსვლისას გავიგეთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რუსეთში შესვლა ეკრძალებათ. ზუსტად იგივე ზომებია მიღებული აშშ-ში, ევროპაში და ყველგან! მთელი მსოფლიო კარანტინში იმყოფება და ახლა მომივიდა ინფორმაცია, რომ UFC ღონისძიების გამართვას აშშ-ში აპირებს. ისინი ერთ-ერთი შტატის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ამ ეტაპზე საზღვრები დაკეტილია და რუსეთის დატოვება არ შემიძლია, UFC-ში კი, მიდის საუბარი, რომ UFC 249 ჩემ გარეშე გაიმართოს. როგორც გავიგე, ტონი ფერგიუსონისთვის სხვა მეტოქეს ეძებენ".

შეგახსენებთ, რომ ტონისა და ხაბიბის შერკინება უკვე ოთხჯერ გადაიდო და დიდი შანსია მეხუთედაც იგივე მოხდეს. UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა, ბენ ასკრენმა ნურმაგომედოვისა და ფერგიუსონის ორთაბრძოლის გარშემო შექმნილი ვითარება იდეალურად აღწერა და განაცხადა: „ღმერთებს არ სურთ, რომ ხაბიბისა და ტონის ორთაბრძოლა გაიმართოს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები