„ჩემზე წინ მხოლოდ ისლამი უნდა იყოს“ - პანტოჟას პრეტენზიები
ალეშანდრე პანტოჟამ უმსუბუქეს წონით დივიზიონში მორიგი შთამბეჭდავი ბრძოლა ჩაატარა და საჩემპიონო ქამარი კიდევ ერთხელ შეინარჩუნა. ბრაზილიელი საკუთარ სტილს არც ერთ შეხვედრაში არ ღალატობს და საწყისი წუთებიდანვე მეტოქეზე იმხელა წნეხს ახდენს, რომ მასთან გამკლავება ყველას უჭირს. ასე იყო გუშინ, ახალ ზელანდიელ კარა ფრანსთან დაპირისპირებაში, რომლის საბმიშენით დამარცხების შემდეგ პანტოჟამ ყველა წონითი დივიზიონის საერთო რეიტინგში თავის პოზიციასთან დაკავშირებით პრეტენზიები საჯაროდ გამოთქვა.
რას ამბობს პანტოჟა
უბრალოდ შეხედეთ - მეათე ადგილზე ვარ და ჩემზე წინ ვინ არიან? ალექს პერეირა, ტომ ასპინალი, ჯეკ დელა მადალენა, ალექსანდრ ვოლკანოვსკი, მაგომედ ანკალაევი, დრიკუს დუ პლესი, ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი და ისლამ მახაჩევი. ტიტულის ხუთჯერ დაცვა და ზედიზედ რვა მოგება დივიზიონში - მე ეს გავაკეთე და აქედან გამომდინარე, ობიექტური იცით რა იქნება? თუ ამ ცხრილში ჩემზე წინ მხოლოდ მახაჩევს დააყენებენ. ერთადერთი მებრძოლი, რომელსაც ჩემზე უკეთესად ვთვლი, სწორედ ისლამია და ისიც იმიტომ, რომ მასაც მსგავსი ციფრები უმაგრებს ზურგს. ყველას მოვუწოდებ, დროა დაიწყოთ უმსუბუქესი წონის სათანადოდ დაფასება.
შეგახსენებთ, რომ UFC 317-ის დასრულების შემდეგ, ალეშანდრე პანტოჟამ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უმსუბუქესიდან სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში გადასვლას აპირებს, კატეგორიულად უარყო, რამაც მისი და მერაბ დვალიშვილის ბრძოლის ჩანიშვნა ავტომატურად გამორიცხა.