გუარდიოლა:''ეს დასასრული არაა... ტიტულების მოპოვებაში არავინ დაგვხმარებია''
Aa
Aa

გუარდიოლა:''ეს დასასრული არაა... ტიტულების მოპოვებაში არავინ დაგვხმარებია''

''მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ ''ლესტერთან'' მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე უეფასგან მიღებულ ორწლიან სანქციასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი თქმით გასულ წლებში გუნდის თითოეული წევრი წარმატებისთვის ყოველდღიურად მუშაობდა და ასეთ სასჯელს არავინ ელოდა.

პეპ გუარდიოლა:''მე არ შემიძლია შევცვალო ხალხის აზრი, მე ვიცი თუ რამდენს ვშრომობდით წარმატების მისაღწევად. ამაყი ვარ, რაც კლუბის თითოეულმა წევრმა ერთად გავაკეთეთ.

გასულ წლებში არაერთი ტიტული მოვიპოვეთ, რაშიც არავინ დაგვხმარებია. ჩვენ შესანიშნავად ვმუშაობდით ვარჯიშიდან ვარჯიშამდე, თამაშიდან თამაშამდე და არავინ ელოდა ასეთ სანქციას, არ ჩანდა იმის საფუძველი, რომ რაიმე შეიცვლებოდა.

არაფერი დასრულებულა, ეს დასასრული არაა. კლუბმა სასჯელი გაასაჩივრა და ვნახოთ რა მოხდება.''

ესპანურ AS-თან საუბარში რაჰიმ სტერლინგმა მადრიდის ''რეალს'' ფანტასტიკური კლუბი უწოდა. ბრიტანელმა ჟურნალისტებმა გუარდიოლას ამ თემაზეც დაუსვეს კითხვა, სტერინგის კომენტარი გულისხმობდა თუ არა ინგლისელის ''სამეფო კლუბში'' გადასვლის სურვილს.

კატალონიელის პასუხი ასეთი იყო:''ჩემი ფეხბურთელები თავისუფალი ადამიანები არიან, მათ უფლება აქვთ ისაუბრონ ის, რაც სურთ, რასაც ფიქრობენ და რისიც სჯერათ. სტერლინგის კომენტარში უცნაურს ვერაფერს ვხედავ, ეს ნორმალურია. მან ხომ მადრიდიულ მედიასთან მადრიდულ კლუბზე ისაუბრა.''

''მან. სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ მომავალი მეტოქე ''ლესტერი'' და მისი ოპონენტი ბრენდან როჯერსი შეაქო:''ვიცი რომ ბრენდან როჯერსმა ''ლივერპულში'' შესანიშნავად იმუშავა, მაგრამ მე მაშინ ინგლისში არ ვმუშაობდი. ვნახე მისი გაწვრთნილი ''სელტიკის'' თამაში, ეს გუნდი აგრესიულ  ფეხბურთს თამაშობდა. ''ლესტერში'' ფეხბურთელებს შესანიშნავად არჩევენ, მათი სკაუტები კარგად მუშაობენ და გუნდის წარმატებული სეზონიც ამის შედეგია.

ინგლისურ ფეხბურთში სასარგებლო და მნიშვნელოვანია ასეთი დონის გუნდებისა და ასეთი დონის სპეციალისტების ყოფნა.

ვისი თამაშიც მინახავს, მათ შორის ჯეიმი ვარდი ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრფორვარდია.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები