თურქეთმა აშშ-ს მოუგო - უგოლო ფრე ავსტრალია-პარაგვაის მატჩში
მსოფლიო ჩემპიონატზე D ჯგუფში მესამე ტურის მატჩები გაიმართა. კალიფორნიის ქალაქ ინგლვუდში, მასპინძელმა, აშშ-ის ნაკრებმა თურქეთი მიიღო. სატურნირო თვალსაზრისით, ორივე გუნდისთვის მატჩი ფორმალობას წარმოადგენდა - ამერიკელებს ჯგუფში პირველი ადგილი 2 მატჩის შემდეგ უკვე გარანტირებული ჰქონდათ, თურქეთმა კი ორი მარცხის შედეგად პლეიოფში თამაშის შანსები დაკარგა.
მატჩის საწყისი წუთებიდან სათამაშო უპირატესობა ამერიკელების მხარეს იყო და უკვე მესამე წუთზე მაურისიო პოჩეტინოს გუნდი სებასტიან ბერჰალტერის პასის შემდეგ ოსტონ ტრასტიმ დააწინაურა.
მეათე წუთზე არდა გიულერმა მუნდიალზე თურქეთის პირველი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. 31-ე წუთზე ბარიშ ალპერ ილმაზმა თურქეთი წინ გაიყვანა და შესვენებაზე ვინჩენცოს მონტელას გუნდი მინიმალური უპირატესობით გავიდა. 49-ე წუთზე ბერჰალტერმა ასისტს გოლი მიამატა და წონასწორობა აღადგინა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კაან აიჰანმა თურქეთს გამარჯვება მოუტანა - 3:2.
პარალელურად გამართულ მატჩში ავსტრალია პარაგვაის დაუზავდა (0:0) და ჯგუფში საბოლოო ვითარება ასე გამოიყურება: აშშ - 6 ქულა, ავსტრალია - 4 ქულა, პარაგვაი - 4 ქულა, თურქეთი - 3 ქულა.
1/16-ფინალში ამერიკელები ბოსნია-ჰერცეგოვინას შეხვდებიან, ავსტრალიის მეტოქე მოგვიანებით გახდება ცნობილი. რაც შეეხება პარაგვაის, პლეიოფში მათი შესაძლო თამაში სხვა ჯგუფებში დაფიქსირებულ შედეგებზე იქნება დამოკიდებული.