რეალი კომოდან ნიკო პასს გამოისყიდის, მაგრამ ტრანსფერზე დააყენებს
მადრიდის „რეალი“ „კომოდან“ ნიკო პასის გამოსყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც გავლენიანი სატრანსფერო ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო წერს, „სამეფო კლუბმა“ უკვე აცნობა „კომოს“ გადაწყვეტილება, რომ არგენტინელი ფეხბურთელის 10-მილიონიანი გამოსყიდვის პუნტქს ააქტიურებს.
რომანო ამბობს, რომ შემდეგ, „რეალმა“ „კომოს“ ოფიციალურად დაუდასტურა ნიკოს გამოსყიდვის გადაწყვეტილება და ახალი, დამოუკიდებელი გარიგების ფარგლებში, მასვე შესთავაზა ფეხბურთელის 60 მილიონ ევროდ ხელახლა შეძენის შესაძლებლობა.
თუ „კომო“ ორშაბათამდე „რეალთან“ ახალ შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ნიკო პასი მადრიდულ კლუბში დაბრუნდება და შესაძლოა, კვლავ კლუბმა სხვა კლუბში გაყიდოს. ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ მადრიდის „რეალი“ ნიკო პასს სატრანსფერო ბაზარზე 60 მილიონ ევროზე მაღალ ფასად დააყენებს.
შეგახსენებთ, რომ ნიკო პასმა იტალიურ „კომოსთან“ ოთხწლიანი სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში 2028 წლის ზაფხულამდეა. 2024 წლის აგვისტოში შემდგარი ტრანსფერის სანაცვლოდ მადრიდის „რეალმა“ დაახლოებით 6 მილიონი ევრო მიიღო, თუმცა ესპანურმა კლუბმა ხელშეკრულებაში ორი მნიშვნელოვანი პუნქტი ჩადო: მადრიდელებს ნებისმიერ დროს აქვთ მისი ფიქსირებული თანხით უკან გამოსყიდვის ექსკლუზიური უფლება და ასევე, ფეხბურთელის სხვა კლუბში მომავალში გაყიდვის შემთხვევაში, სატრანსფერო თანხის 50 პროცენტი ისევ „რეალის“ ბიუჯეტში წავა, რაც სამეფო კლუბს არგენტინელი ნახევარმცველის მომავალზე მნიშვნელოვან კონტროლს უნარჩუნებს.