ბორჯღალოსნების შემადგენლობა ცნობილია - ორი დებიუტანტი ბელგიასთან მატჩში
ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, 22 თებერვალს ბელგიასთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი რაზმი დაასახელა.
წინა ორი შეხვედრისგან განსხვავებით, შემადგენლობა მნიშვნელოვნადაა გადახალისებული, ორ მორაგბეს კი, ბორჯღალოსანთა კვართით დებიუტი ექნება.
ასევე ნაკრებს ახალი კაპიტანი ეყოლება. ბექა გორგაძე 33-ე ბორჯღალოსანია , რომელიც გუნდს უკაპიტნებს.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, ქუთაისში „აია არენაზე“ ბელგიას დავუპირისპირდებით და მატჩი 15 საათზე დაიწყება.
პირველ ორ მატჩში საქართველომ ჯერ რუმინეთს სძლია ბონუსით – 41:13, მერე კი მადრიდში ესპანეთი დაამარცხა 23:10.
„შავი ეშმაკები“ პირველ ტურში პორტუგალიას ეწვია, 17:23 დამარცხდა და მცირედი სხვაობისთვის ბონუსს დასჯერდა, მერე კი რუსეთის ნაკრებს უმასპინძლა, 38:12 აჯობა და ამ შემთხვევაში შეტევის ბონუსი აიღო.
შედეგად, ბელგიას 6 ქულა აქვს და საქართველოსა (9 ქულა) და პორტუგალიის (8 ქულა) შემდეგ, მესამე ადგილზეა.