„შვილის გაბრწყინებას დედა უნდა ესწრებოდეს“ - ვოზინიას კონგრესმენი დაეხმარება
მსოფლიოს მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატის მთავარი სენსაციის ავტორი უდავოდ კაბო ვერდეს ნაკრებია, რომელმაც ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთის ეროვნულ გუნდს უდიდესი წინააღმდეგობა გაუწია და ბურთის გატანის საშუალება არ მისცა. პლანეტის პირველობის დებიუტანტების წარმატების მთავარი შემოქმედი მათი 40 წლის მეკარე ვოზინია გახლდათ, რომელიც უკვე უზომოდ პოპულარულია.
გარდა იმისა, რომ კაბო ვერდეს გოლკიპერის გამომწერთა რაოდენობა ინსტაგრამზე 6 მილიონამდე გაიზარდა, მისი გასაჭირი და თხოვნაც გულთან ახლოს მიიტანეს. ესპანეთთან მატჩის დასრულების შემდეგ, ვოზინიამ აღნიშნა, რომ დედამისს ძალიან სურდა შეერთებულ შტატებში ჩამოსვლა, თუმცა სავიზო პრობლემების გამო ამის გაკეთება ვერ მოახერხა. ამ განცხადებას ზუსტად ერთ დღეში, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, კონგრესმენი ჰაკიმ ჯეფრისი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ შვილის წარმატებას ყველა დედა უნდა ესწრებოდეს, რის გამოც აშშ-ის გენერალურ მდივანს მარკო რუბიოს მიმართა დახმარების თხოვნით, რათა ვოზინიას დედა კაბო ვერდეს მეორე ტურის შეხვედრისთვის უკვე შტატებში იყოს ჩამოსული.
ცნობისათვის, კაბო ვერდეს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ურუგვაის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება და შეხვედრა 22 ივნისს, თბილისის დროით 02:00 საათზე დაიწყება.