4 გოლი და მხიარული მატჩი: იორდანიამ კარგად ითამაშა, მაგრამ ავსტრიასთან მაინც დამარცხდა
მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს J ჯგუფის შეხვედრები გაიმართა. არგენტინამ მესის ჰეთ-თრიკით ალჟირი 3:0 დაამარცხა. ცოტა ხნის წინ კი ავსტრიამ იორდანიას 3:1 სძლია.
ტურნირის დებიუტანტმა იორდანიამ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ერთი შეხედვით აშკარა ფავორიტ ავსტრიას ბევრი პრობლემა შეუქმნა.
შეხვედრაში ანგარიში 21-ე წუთზე რომანო შმიდმა გახსნა. თუ პირველ ტაიმში ავსტრია გაშვებულ გოლს გადაურჩა, მეორე ტაიმის სტარტზე ევროპელები მეტად ვეღარ გამოძვრნენ და 50-ე წუთზე ალი ოლვანიმ ანგარიში გაათანაბრა.
გაშვებული ბურთის შემდეგ, რალფ რანგნიკის გუნდი ცოტა გამოფხიზლდა და შეტევაში აქტიურობა დაიწყო. არნაუტოვიჩისა და ჩუკვემეკას მოედანზე გამოჩენის შემდეგ, ავსტრიამ მომენტებიც მალევე შექმნა. 76-ე წუთზე არნაუტოვიჩთან ბრძოლისას ალ არაბიმ საკუთარ კარში გაიტანა და ავსტრია დაწინაურდა.
შეხვედრას წერტილი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-12 წუთზე მარკო არნაუტოვიჩმა დაუსვა, რომელმაც თავისივე მოპოვებული პენალტი ზუსტად შეასრულა.
J ჯგუფს 3-3 ქულით არგენტინა და ავსტრია ლიდერობენ. მეორე ტურში ერთმანეთს შეხვდებიან. მატჩი 22 ივნისს (21:00) გაიმართება. იორდანია კი 23 ივნისს გამთენიისას (07:00) ალჟირს დაუპირისპირდება.