შავი ლომი სამხრეთ აფრიკაში დამარცხდა - ქართველებმა მოქმედ ჩემპიონს სამი ლელო დაუდეს
შავმა ლომმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე „ტოიოტა ჩელენჯზე“ მეორე შეხვედრა გამართა. ბლუმფონტეინში ქართველები ადგილობრივი მოქმედ ჩემპიონს, სუზუკი გრიქას დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 21:56 დამარცხდნენ.
მასპინძლებმა მატჩის მსვლელობისას უპირატესობა მოიპოვეს და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმეს, თუმცა „შავმა ლომმა“ შეტევაში რამდენიმე კარგი ეპიზოდი შექმნა და მეტოქის ჩათვლის მოედანში სამჯერ შევიდა.
ქართული გუნდის შემადგენლობაში ლელოები გიორგი სინაურიძემ, გუგა ღანიაშვილმა და შალვა აფციაურმა გაიტანეს. გარდასახვებიდან ორი ზუსტად ლუკა ცირეკიძემ შეასრულა, ხოლო ერთი გიორგი სპანდერაშვილმა გამოიყენა.
სამხრეთ აფრიკული ტურნე „შავმა ლომმა“ წარმატებით დაიწყო. პირველ შეხვედრაში ქართულმა ფრენჩაიზმა აირლინკ პუმასი 46:36 დაამარცხა.
ტურნირზე ქართველებს კიდევ ერთი გამოცდა ელით. „შავი ლომი“ მესამე მატჩს 14 ივნისს ტოიოტა ჩიტას წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 18:30-დან დაიწყება.
ცნობისთვის, სამხრეთ აფრიკაში გამართული მატჩები „შავი ლომისთვის“ მნიშვნელოვანი გამოცდილებაა, რადგან გუნდი ძლიერ მეტოქეებთან თამაშით საერთაშორისო დონის კონკურენციის პირობებში აგრძელებს განვითარებას.