„კარიერის პიკს 30 წლის ასაკში მიაღწია“ - მელიქიძის კიდევ ერთი აღიარება
„ის შესანიშნავია შერკინებისას, ღია თამაშში კი ძალიან სწრაფი და სახიფათოა“ - ასე იწყება ავტორიტეტულ ფრანგულ გამოცემა Midi Olympique-ში გამოქვეყნებული სტატია 30 წლის ქართველ მორაგბე გიორგი მელიქიძეზე, რომელიც TOP 14-ის გასული გათამაშების პირველხაზელების კლასიფიკაციაში პირველ ადგილზე გავიდა, რაც ნამდვილად დიდი აღიარებაა და გიორგის აძლევს იმის სერიოზულ მოტივაციას, რომ წლევანდელი სეზონი კიდევ უფრო კარგად ჩაატაროს, რაც კარიერული წინსვლის სერიოზულ საშუალებას მისცემს.
ფრანგი სარაგბო მიმოხილველები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მელიქიძემ კარიერის პიკს სწორედ ახლა მიაღწია. არსებობს ბევრი მორაგბე, რომელიც 30 წლის ასაკში საუკეთესო თვისებებს კარგავს, გიორგი კი საპირისპირო ვერსიას გვიჩვენებს. ერთი შეხედვით წლევანდელ სეზონამდე ის ბევრი გულშემატკივრისთვის ნაკლებად ცნობილი მოთამაშე იყო, თუმცა ამჯერად „სტად ფრანსეს“ ნამდვილ ლიდერად იქცა და ამ კლუბის წარმატებაში ფუნდამენტური წვლილი შეიტანა.
ცნობისათვის, საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გასულ სეზონში გიორგი მელიქიძემ 26 მატჩიდან ძირითადში 13 დაიწყო, მოედანზე საერთო ჯამში 1143 წუთი დაჰყო და თავი 8 ლელოთი გამოიჩინა. რაც შეეხება მის კლუბს, „სტად ფრანსემ“ 79 ქულით რეგულარული გათამაშება მესამე პოზიციაზე დაასრულა, ხოლო ჩემპიონობისთვის ბრძოლას ნახევარფინალში „მონოელიესთან“ მარცხის შემდეგ გამოეთიშა.