Aa
Aa

"მალე დავბრუნდები" - ფედერერი ბალახის სეზონამდე ვერ ითამაშებს

როჯერ ფედერერი ბალახის სეზონის დაწყებამდე კორტზე ვერ გავა. ამის შესახებ გუშინ, „ტვიტერის“ მეშვეობით, თავად შვეიცარიელმა გამოაცხადა.

ფედერერს დაშავებულ მარჯვენა მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა, რის გამოც იგი საწვრთნელ პროცესს 2-3 თვით ჩამოშორდა.

„მარჯვენა ფეხის მუხლი ცოტა მაწუხებდა. მქონდა იმედი, რომ ტკივილი გაივლიდა, თუმცა საბოლოოდ, ჩემს გუნდთან კონსულტაციის შემდეგ ოპერაციის გაკეთება გადავწყვიტე.

ქირურგიული ჩარევა შვეიცარიაში მოხდა, რომლის შემდეგაც ექიმებმა დარწმუნებით დამიდასტურეს, რომ სრულ გამოჯანმრთელებაში ეჭვი არ ეპარებათ.

სამწუხაროდ, დუბაიში, ინდიან უელსში, ბოგოტაში, მაიამიში და „როლან გაროსზე“ ვერ ვითამაშებ. უდიდესი მადლობა მხარდაჭერისთვის.“ - დაწერა „ტვიტერზე“ 38 წლის ჩოგბურთელმა.

ფედერერს „როლან გაროსზე“ ნახევარფინალში გასვლისთვის მიღებული 1200 სარეიტინგო ქულა ჰქონდა დასაცავი. ასევე სხვა ტურნირებზე ჯამურად დასაცავ ქულებთა დიდი რაოდენობის გამო, ლეგენდარული შვეიცარიელი ATP-ს რეიტინგში საგრძნობლად დაქვეითდება.

კიდევ ერთი ინტრიგა ისაა, რომ „მაესტრო“ რაფა ნადალს უშუალო წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევს იმაში, რომ იგი დიდი სლემის ტიტულებით არ დაეწიოს. თუკი ესპანელი საყვარელ ტურნირ „როლან გაროსს“ მოიგებს, მე-20 სადიდსლემო თასს მოიპოვებს, რაც როჯერის მაჩვენებელის იდენტური იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები